ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა მე-7 საერთაშორისო კონგრესი

ა.წ. 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, ჩატარდა ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა მე-7 საერთაშორისო კონგრესი.
კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ: შავი ზღვის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური მიკრობიოლოგიის საზოგადოება, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კონგრესის პრეზიდენტები იყვნენ: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოდან და პროფესორი Hakan Leblebicioğlu თურქეთიდან.
აღნიშნული კონგრესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ღონისძიებაა ინფექციურ დაავადებათა დარგში.
ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა კონგრესს უკვე აქვს ექვსი წლის წარმატებული ისტორია. რიგით მე-7 კონგრესს წელს ქ. თბილისმა უმასპინძლა, რაც ქართველ ინფექციონისტთა და ინფექციურ დაავადებათა ქართული სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.
საქართველოში ამ დონის ღონისძიება ინფექციურ დაავადებათა დარგში პირველად ჩატარდა.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური მიკრობიოლოგიის დარგის არაერთმა საერთაშორისოდ აღიარებულმა მეცნიერმა და სპეციალისტმა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კონგრესზე წარმოდგენილი იყო 20-ზე მეტი სამეცნიერო მოხსენება.
სამი დღის განმავლობაში კონგრესზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ State of the art ლექციები ინფექციურ დაავადებათა ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ახლად და ხელახლად აღმოცენებულ ინფექციურ დაავადებებზე, აივ ინფექცია/შიდსზე, ვირუსულ ჰეპატიტებზე, რეზისტენტულ ტუბერკულოზზე, ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებებზე, ახალი ორთოპოქსვირუსით გამოწვეულ ინფექციაზე და სხვ. განხილული იყო აგრეთვე ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხები, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. წარმოდგენილი იყო საინტერესო და რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევები (ქეისები) ინფექციურ დაავადებათა პროფილის სპეციალისტთა პირადი პრაქტიკიდან.
ქართველმა სპეციალისტებმა უცხოელ კოლეგებს გააცვნეს С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ძირითადი პრინციპები და მიმდინარეობა, რომელმაც კონგრესის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღინიშნა, რომ ამ პროგრამას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
კონგრესი უაღრესად საინტერესოდ და წარმატებულად წარიმართა. ამ ფორუმმა საშუალება მისცა ქართველ სპეციალისტებს დაემყარებინათ სამეცნიერო კონტაქტები და თანამშრომლობა უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების და სამედიცინო ცენტრების სპეციალისტებთან.