ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი მედიკამენტი უკვე საქართველოშია

ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალო ახალი მედიკამენტი ბედაქილინი, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, აშშ -ს ელჩი საქართველოში იან კელი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრნენ აშშ-ს მთავრობის ახალი პროგრამის , ბედაქილინის - ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი პრეპარატის საქართველოში დანერგვისადმი მიძღვნილ პრეზენტაციას. ღონისძიებაზე გაკეთდა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ Janssen Therapeutics-ის დონაციის შედეგად, ახალი მედიკამენტი , უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში. ბოლო 40 წლის განმავლობაში ბედაქილინი არის პირველი ახალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ. ეს ინოვაციური პარტნიორობა, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. პროგრამა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი მედიკამენტს პაციენტებს უფასოდ გადასცემს. საქართველო, რომელიც პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქვეყანაა, დაახლოებით 31 000 ბედაქილინის აბით მომარაგდება, რაც საკმარისია 24 თვის განმავლობაში 200 პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში. 2009 წლიდან ტუბერკულოზის გავრცელება თანდათან მცირდება და წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული (წამლისადმი მდგრადი) ფორმების გავრცელების და მკურნალობის სირთულის გამო, საქართველო რჩება მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის, სადაც ტუბერკულოზის ტვირთი ყველაზე მაღალია. ამდენად, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი ეფექტური მედიკამენტების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
Janssen და USAID-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Janssen მსოფლიოში 30 000 სამკურნალო კურსს ჩაატარებს. USAID ითანამშრომლებს პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებთან, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამებთან, და Janssen-თან, რათა აღნიშნული წამლი იყოს ხელმისაწვდომი და გამოყენებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

იხილეთ ფოტოალბომი