ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული, 25 – 31 ოქტომბერი

სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის 25–31 ოქტომბერს მონაწილეობას იღებს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულში, რომელიც იმართება ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. კვირეულზე ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ტყვიის შემცველ საღებავებზე.

2015 წლისათვის ტყვიით მოშხამვის პრევენციის კვირეულის თემაა „ტყვიისაგან თავისუფალი ბავშვები ჯანმრთელი მომავლისათვის“, მშობლებს მრავალი გზით შეუძლიათ შეამცირონ ბავშვებზე ტყვიის ზემოქმედება და თავიდან აიცილონ ჯანმრთელობის სერიოზული რისკები. დიდი რაოდენობით ტყვიის შემცველი საღებავები ჯერ კიდევ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დეკორატიული მიზნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს და ხელმისაწვდომია საღებავები, რომელიც ტყვიას არ შეიცავს.

ტყვია  ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც ფართოდ იყენებენ სხვადასხვა სფეროში. ტყვია ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და იწვევს ჯანმრთელობის ფართო სპექტრის დარღვევებს, როგორებიცაა ნევროლოგიური დარღვევები, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება. ტყვია ზეგავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, როგორც მისი მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე მის დაბადების შემდგომ. ტყვიის ექსპოზიცია იწვევს ბავშვების გონებრივ ჩამორჩენას.

ტყვიის პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ძირითადი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ტყვიისა და მისი ნაერთების ტოქსიკურობის შესახებ. კვირეულს კოორდინაციას უწევს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ კვირეულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიება. 

26.10.2015

ტყვიის პრევენციის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით 2015 წლის 26 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები. 
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გარემოს და ჯანმრთელობის ბონის ოფისის ექსპერტმა, ბატონმა მიხეილ კრჟიჟანოვსკიმ წაიკითხა ლექცია თემაზე ,,ჰაერის დაბინძურება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“. იმავე შეხვედრის ფარგლებში დარგის ექსპერტებთან გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა ადამიანის ჯანმრთელობაზე ტყვიის ზემოქმედებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. 

27.10.2015

ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით სტუდენტი-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლების მიზნით 2015 წლის 27 ოქტომბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ლექცია თემაზე "ტყვიისადმი ექსპოზიციის მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე". ყურადღება გამახვილდა კვირეულის დევიზზე -საღებავებში ტყვიის ელიმინაციიაზე. 
ლექცია წაიკითხა გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალბატონმა ნანა ნინაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. 
გაიმართა ინტერაქტიური დისკუსია.

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

Global Aliance to Eliminate Lead Paint

საღებავებში ტყვიის აღმოფხვრის გლობალური ალიანსი 

ბუკლეტი

ბროშურა