აშშ ელჩის ბატონი იან კელის ვიზიტი დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში 29.10.2015

2015 წლის  29 ოქტომბერს აშშ-ის ელჩი იან კელი „რიჩარდ გ.ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს“ ესტუმრა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიესალმა სტუმრებს, მიმოიხილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში და მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და ხალხს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე:

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

და აშშ-ს პარტნიორობა, მიღწევები და სამომავლო გეგმები

აშშ-ის ელჩი იან კელი  გაეცნო ცენტრის სტრუქტურას, თანამშრომლებს, ლაბორატორიებს, მათ შორის დაათვალიერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული და საერთაშორისო ქსელებში ჩართული ლაბორატორიები. 

ცენტრის დათვალიერების შემდეგ გაიმართა დისკუსია სამომავლო გეგმების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს ელჩმა ბატონმა იან კელიმ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბატონმა დავით სერგეენკომ. ასევე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების სამხრეთ კავკასიის ოფისის, აშშ საფრთხეების შემცირების სააგენტოს, ვოლტერ რიდის სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

ლუგარის ცენტრი ქვეყნის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ლუგარის სჯ კვლევითი ცენტრი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ლაბორატორიაა, რომლის მიზნები და ამოცანები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხეების შემცირების თვალსაზრისით, ასევე ქვეყნის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამეცნიერო პოტენციალის გასაზრდელად.                  

ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული დიაგნოსტიკა და იდენტიფიკაცია ,,ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით.

 

იხილეთ ფოტოალბომი