C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა 3-4.11.2015

3-5 ნოემბერი, 2015 წელი

თბილისი

ვირუსული ჰეპატიტები, რომლითაც მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანია დაავადებული, არის ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომელშიც შედის A, B, C, D და E ჰეპატიტები. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელებით გამოირჩევა C ჰეპატიტი. მსოფლიოში სულ ქრონიკული C ჰეპატიტი აღენიშნება 130-150 მილიონ ადამიანს და მასთან დაკავშირებული ღვიძლის გართულებებით ყოველწლიურად იღუპება 350 000-დან 500 000-მდე ადამიანი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კრიტერიუმებით საქართველო ითვლება C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად. ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია მომატებული რისკის მქონე პოპულაციებში. C ჰეპატიტით ინფიცირებულთა უმრავლესობამ არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ, რის გამოც ამ ინფექციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორ „ჩუმ მკვლელს“.

ვირუსული ჰეპატიტი უდიდესი ტვირთია როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მისი გადამდებლობის გამო, ასევე მთლიანად ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკისათვის, რადგანაც ღვიძლის კიბოს და ციროზის დროს ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან. ბევრ ქვეყანაში ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძირითად მიზეზს. მსგავსი მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

პრობლემის მაღალი აქტუალობიდან გამომდინარე, 2015 წლის აპრილში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წამოიწყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. პროგრამის საწყისი ფაზა ითვალისწინებს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის სერვისებსა და უფასო მკურნალობაზე წვდომის უზრუნველყოფას C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთათვის. მკურნალობა ხორციელდება უახლესი გენერაციის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატით (სოფოსბუვირი), რომლითაც მკურნალობა უკვე დაიწყო 4 ათასზე მეტმა ადამიანმა. ამჟამად მუშავდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმა (2016-2020), რომელიც მოიცავს ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სპეციფიურ ამოცანებსა და აქტივობებს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ყოველმხრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 2015 წლის 3-5 ნოემბერს თბილისში აწყობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას.

საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი განიხილავს C ჰეპატიტის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგებსა და მიღწევებს, ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგებს, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში არსებულ გამოწვევებს. ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრიორიტეტული ინტერვენციების, პროგრამის ინდიკატორებისა და ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობა კვალიფიციურ გამოცდილებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად. შერჩევისას მთავარ მიზანს წარმოადგენდა ჯგუფში წარმოდგენილი ყოფილიყვნენ ექსპერტები ყველა იმ მიმართულებიდან (განათლება და ადვოკატირება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია და სკრინინგი, მოვლა და მკურნალობა), რომელიც გამოყოფილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურ სამოქმედო ჩარჩო-დოკუმენტში. 

შეხვედრის ბოლო დღეს, 5 ნოემბერს,  ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისი გამართავს ტექნიკურ კონსულტაციას ჯანმო-ს პოლიტიკის, C ჰეპატიტის სკრინინგის, მკურნალობისა და მზრუნველობის გაიდლაინის, ვირუსული ჰეპატიტების კუთხით გლობალური ჯანმრთელობის სექტორის სტრატეგიის გასაცნობად. აგრეთვე, გაზიარებულ იქნება ჯანმო-ს ევროპის რეგიონში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და გამოცდილება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები.

 

იხილეთ ფოტოალბომი

1 დღე

2 დღე