ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

2015 წლის 16 ნოემბერს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

ყოველი წლის ნოემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის დღეს, წელს კი პირველად 16-22 ნოემბერს ,,ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული“ გაიმართება სლოგანით ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“ და ფოკუსირებულია იმის საჭიროებაზე, რომ ყველამ და ყველგან თავისი როლი შეასრულოს ანტიბიოტიკების ეფექტურობის შესანარჩუნებლად. ეს არის მიმართვა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი ადამიანისადმი, ვინაიდან ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებაში ყველა ჩვენგანმა უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი. 

კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას და ბიძგი მისცეს იმ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას. 

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა დღეს გლობალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. ის საგანგაშოდ მაღალ დონეს აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეში, ხელს უშლის ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ძირს უთხრის ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში მიღწეულ პროგრესს.

ამჟამად ქვეყნების მხოლოდ ერთ მეოთხედს აქვს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ეროვნული გეგმა. თუმცა, პოლიტიკური ყურადღება ამ საკითხისადმი იზრდება და 2015 წლის მაისში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე მთავრობებმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალური სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. გეგმის მიზანი #1 გახლავთ: „ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის და ინფორმირებულობის გაზრდა ეფექტიანი კომუნიკაციით, განათლებითა და ტრენინგებით.“

ამ მიზნის მისაღწევად, ჯანმო უძღვება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გლობალურ კამპანიას და მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეორნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (OIE).

დაუყოვნებელი ქმედების გარეშე, მსოფლიოს წინ ელის „პოსტ-ანტიბიოტიკური ერა“, სადაც ჩვეულებრივ ინფექციებს და სხეულის უმნიშვნელო დაზიანებებს, რომელთა მკურნალობა ათწლეულების მანძილზე შესაძლებელი იყო, ისევ შეეძლებათ ფატალურ შედეგამდე მიყვანა; დაიკარგება ისეთი სამედიცინო მკურნალობის სარგებელი, როგორიცაა ქიმიოთერაპია და სერიოზული ქირურგიული მანიპულაციები.

ჯერ კიდევ არ არის  გვიანი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ზეგავლენის შემცირება. ანტიბიოტიკების ეფექტურობის შენარჩუნებაში ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ინფექციების გავრცელების შეზღუდვითა და ანტიბიოტიკების წარმოების, დანიშვნისა და გამოყენების პრაქტიკის შეცვლით ჩვენ შეგვიძლია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელებისა და მისი უარყოფითი შედეგების შემცირება. 

 „ანტიმიკრობული რეზისტენტობა მომავლის საფრთხე არაა, რომელიც ჰორიზონტზე შორსაა და ბუნდოვნად მოჩანს. ის არის აქ და ახლა და მას დამანგრეველი შედეგები აქვს“

ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, დოქტორი მარგარეტ ჩანი

კვირეულის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და აქტიური კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა აქტივობებით.

 

ანტიბიოტიკები: გამოიყენეთ ფრთხილად

 

 

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა (მდგრადობა)

ღონისძიებები

ვიდეომიმართვები

 

იხილეთ ფოტოალბომი