დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე 2015

წინდები სიცოცხლისთვის

მსოფლიოში ყოველი 10 ბავშვიდან 1 ნაადრევად იბადება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.

დღენაკლობა ახალშობილთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაბადებული 15 მილიონი დღენაკლი ახალშობილიდან მილიონამდე 5-წლამდე ასაკში იღუპება.

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა, იგი  პირველად აღინიშნა  2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა (EFCN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. 2014 წელს 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა აქტივობებში, და 60-ზე მეტმა ქვეყანამ დაგეგმა სპეციალური ღონისძიება, რათა გაეზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე დღენაკლი ბავშვების, ახალშობილებისა და დედათა ჯანმრთელობის შესახებ; აღნიშნული საკითხებზე ინფორმაცია მსოფლიოს მასშტაბით 1.6 მილიარდმა ადამიანმა მიიღო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაადრევი მშობიარობების რიცხვის შემცირებას და დღენაკლ ბავშვთა მოვლის გაუმჯობესებას საზოგადოების განათლების გზით. ოჯახები, რომლებმაც გამოცადეს დღენაკლი ახალშობილის დაბადება, შეძლებენ საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი ისტორიები და გამოცდილება თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით, მაგალითად www.facebook.com-ზე არსებული დღენაკლთა საერთაშორისო დღის ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც მილიონამდე მომხმარებელი სტუმრობს.

ახალშობილთა მოვლის ძირითადი მეთოდები

ახალშობილთა მოვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე დღენაკლ ახალშობილებს ეხება. დღენაკლ ახალშობილთა მოვლის ერთერთი იაფი, თუმცა მეტად ეფექტური მეთოდი, რომლის ხშირი გამოყენება არ ხდება, კენგურუს მეთოდია.

კენგურუს მეთოდი პირველად 1967 წელს დაინერგა. ამ მეთოდის გამოყენებით ხდება მცირე წონიანი ახალშობილის დედასთან კანით-კანზე კონტაქტი, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვების წამოწყებას და ახალშობილის გათბობას. დღენაკლი ახალშობილის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათი პატარა სხეული სწრაფად კარგავს სითბოს, რაც ზრდის დაავადებების, ინფექციებისა და სიკვდილის რისკს. ექსპერტთა მოსაზრებით ამ მეთოდის ფართო დანერგვამ ყოველწლიურად შეიძლება 450 000 სიცოცხლე  გადაარჩინოს.

 

დღენაკლობის პრევენცია - თანამედროვეობის გამოწვევა

დღენაკლობით გამოწვეული დაავადების ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია ვიპოვოთ ორსულობის სრულ ვადამდე, ან 39 კვირამდე მაინც, მიყვანის გზები. შესწავლილია ის რისკ–ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნაადრევ მშობიარობაზე, მაგალითად: ანამნეზში ნაადრევი მშობიარობა, ქალის წონანაკლულობა, სიმსუქნე, დიაბეტი, მოწევა, მაღალი არტერიული წნევა, ქალის ასაკი (17 წელზე ნაკლებიან 40 წელზე მეტი), გენეტიკური ფაქტორები, ორსულობა რამდენიმე ნაყოფით და ორსულობებს შორის არასაკმარისი ინტერვალი. რისკის ფაქტორების გამოვლენისა და შესაბამისი პრევენციული ზომების გატარებისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ანტენატალურ მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მის ფარგლებში მიწოდებული სერვისების გაფართოვებას.

 

  1. http://www.efcni.org/
  2. http://www.who.int/life-course/news/events/world-prematurity-day/en/