შიდსის მსოფლიო დღე 01.12.2015

2015 წლის 1 დეკემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა და აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა (PTF) შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურმა ფონდმა შიდსის პროგრამის ფარგლებში ერთობლივად ჩაატარეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია სლოგანით

დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ

კონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ხელმძღვანელი პირები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის, სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. 

 ყოველი წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.  1987 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა  გამოცხადებული და დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.

გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებული იქნა ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS) რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოვებას და დაჩქარებას. კერძოდ:

კამპანიის ფარგლებში გადასადგმელი „დიდი ნაბიჯები“ გულისხმობს:

2020 წლისთვის:

  • მკურნალობას 90-90-90, რაც მიზნად ისახავს:
    • ახალი ინფექციების რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 500,000 წელიწადში
    • აივ ინფიცირებულთათვის შექმნილი იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო
    • 2030 წლისთვის კი „ნაბიჯები “კიდევ უფრო ამბიციურია:
      • მკურნალობა 95-95-95
      • ახალი ინფექციები რიცხვი არ აღემატებოდეს 200,000 წელიწადში და
      • აივ ინფიცირებულთათვის შენარჩუნებული იქნას დისრკიმინაციისგან თავისუფალი გარემო

 

2014 წლის ბოლოსთვის აივ ინფექცია/შიდსი მსოფლიოში 36.9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ ინფექციით,  მათ შორის 2 მილიონი ადამიანის ინფიცირება მოხდა 2014 წელს; მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 15.8 მილიონი ადამიანი; 1.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა;

სულ ეპიდემიის დაწყებიდან 2014 წლის ბოლომდე გარდაიცვალა 25 მილიონზე მეტი ადამიანი.

საქართველოში  2015 წლის 20 ნოემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს.პ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 5,331 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 3,932 მამაკაცია, 1,399 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი განუვითარდა 3,150 პაციენტს, 1063 გარდაიცვალა.

მაღალეფექტიან არვ მკურნალობაზე იმყოფება 2,615 პაციენტი, მათგან 46 ბავშვია.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება (48.6%) და დაუცელი სქესობრივი კავშირები (50.2%), მათ შორის 7.6% ჰომოსექსუალური კავშირი. 

აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (1,875 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 729 შემთხვევით, იმერეთი 702 შეთხვევით და აჭარა 627 შემთხვევით.

გაეროს შიდსის პროგრამის გათვლებით, შიდსის ეპიდემიის დასამარცხებლად მსოფლიო ინვესტიციის ოდენობამ უნდა მიაღწიოს სულ ცოტა 31.1 მილიარდს 2020 წლისათვის და 29,3 მილიარდს 2030 წლისთვის. აღნიშნული ამბიციური მიზნები თითოეული ქვეყნისგან მოითხოვს არსებული რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას და ეფექტიან ხარჯვას.

საქართველოში აივ/შიდსის როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის პროგრამების დიდი ნაწილი ფინანსდება შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ, თუმცა, 2015 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს დაფინანსების ზრდასა და მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას, გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო დაფინანზებაზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველსაყოფად.

აივ/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამების მდგრადობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომლის გადაჭრა შესაძლებელია სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე.

 

თქვენც შემოგვიერთდით

„დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“

 

იხილეთ ფოტოალბომი 

 

დაგეგმილი ღონისძიებები