ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული

2013 წლის 20-26 ოქტომბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აღნიშნავს ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეულს.

ტყვია კარგად ცნობილი ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებაა. მას აქვს უნარი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოიწვიოს ფართო სპექტრის ჯანმრთელობის დარღვევები, მათ შორის ნევროლოგიური ხასიათის, ანემია, დაღლილობა და კუნთების სისუსტე, დამბლა, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანება და  სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის (WHO)  შეფასების თანახმად ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი  განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

ჯერ კიდევ არსებობს ტყვიის გარემოში გამოყოფის სხვადასხვა  წყარო, ისეთი, როგორიცაა ბენზინი, საწარმოო პროცესები, საღებავების წარმოება, ზოგიერთი საკონსერვო ქილები, ტყვიის შემცველი ძველი წყლის მილები. სისხლში ტყვიის დონის შემცირება  ჯერ კიდევ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგანაც  ტყვიის უსაფრთხო დონე ბავშვებში და ფეხმძიმე ქალებში არ არის ცნობილი.

ტყვიით მოშხამვის გლობალური პრევენციის მიზნით,  განსაკუთრებით კი საღებავებისგან ტყვიის ექსპოზიციის პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ერთობლივად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამასთან (UNEP)  შექმნა საღებავებიდან ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსი (GALEP). მასში გაერთიანებულია  შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (US CDC), შეერთებული შტატების გარემოცდაცვის სააგენტო (US EPA) და  პედიატრების საერთაშორისო ასოციაცია. ასევე, WHO და UNEP. GALEP–ის მიზანია უმრავლეს ქვეყნებში  2020 წლამდე მოახდინოს საღებავებიდან ტყვიის ელიმინაცია. 

ცნობიერების ამაღლების მიზნით ტყვიით მოწამვლის შესახებ, ქვეყნებისა და პარტნიორების ძალისხმევის გასაძლიერებლად ბავშვების ტყვიით მოწამვლის პრევენციასთან დაკავშირებით და  საღებავებში ტყვიის აღმოსაფხვრელად ქმედითი მოქმედებების მოსაწოდებლად, WHO და GALEP ხელს უწყობს ტყვიით მოწამვლის პრევენციის  საერთაშორისო კამპანიას.

კვირეული ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში. დაგეგმილ ღონისძიებათა მრავალფეროვნება ასახავს ქვეყნების პრიორიტეტებს ტყვიით მოშხამვის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის წევრ ქვეყნებსაც მოიცავს. საქართველოც უერთდება კვირეულისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.