საბავშვო ბაღების კვების სტანდარტების პროექტის განხილვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა 10.12.2015

2015 წლის 10 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ნუტრიციის სტანდარტების პირველი სამუშაო ვერსიის განხილვა.  

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა საბავშვო დაწესებულებების კვების სტანდარტების პირველი სამუშაო ვერსია.  ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაიდლაინი, იგი ეხება ჯანმრთელი ბავშვების კვებას და აწესებს ზოგად მოთხოვნებს საკვებისა და კვების ორგანიზაციის ჰიგიენისათვის სკოლამდელი საბავშვო დაწესებულებებისათვის. მასში მოცემულია ინფორმაცია საკვების ძირითად ჯგუფებზე, ბავშვთა ასაკში საკვები ნივთიერებების მოთხოვნილებაზე და პრაქტიკული რეკომენდაციები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მენიუს შედგენაზე.

გზამკვლევში მოცემულია ჯანმრთელი კვების პრინციპები და არა კონკრეტული „დირექტივები“, შესაბამისად ამ პრინციპებზე დაყრდნობით შესაძლებელია ცალკეულმა საბავშვო დაწესებულებებმა დამოუკიდებლად შეიმუშაონ კვების მენიუ.

გაიდლაინის საფუძველზე შემუშავდება საბავშვო ბაღებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც იქნება ნორმატიული დოკუმენტი.

გაიდლაინი შემუშავდა პროექტის „წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობების გაუმჯობესება საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

გაიდლაინი შემუშავდა სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ პედიატრები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.