ტრანს - იზომერული ცხიმები და ჯანმრთელობა

ბევრ ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით,  მაქსიმალურად იზღუდება ტრანს-ცხიმების გამოყენება კვებით ინდუსტრიაში, რაც განპირობებულია მათი მიღებით გამოწვეული დაავადებების სიმძიმით.

ცხიმოვანი მჟავები ორი ტიპისაა: ნაჯერი და უჯერი. უჯერი ცხიმოვანი მჟავებიდან შედარებით ფართოდაა გავრცელებული ოლეინის, ლინოლის და ლინოლენის მჟავები. მცენარეული ცხიმები ძირითადად უჯერია და თხევადი კონსისტენციისაა. ცხოველური (ძროხის, ცხვრის, ღორის) ცხიმები და მათი პროდუქტები შეიცავენ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს და მყარი კონსისტენციისაა (გამონაკლისია თევზის ქონი).

უჯერი ცხიმები არსებობს ორი იზომერის „ცის“ და „ტრანს“ იზომერების სახით.  „ცის“ იზომერები უფრო გავრცელებული ფორმაა ბუნებაში, რომელშიც ნახშირწყლოვანი ჯაჭვი მდებარეობს ნახშირბადის ატომებს შორის ორმაგი ბმის სიბრტყის  ერთ მხარეს.  „ტრანს“ იზომერები უფრო იშვითად გვხვდება ბუნებაში და ნახშირწყლოვანი ჯაჭვი განლაგებულია  ორმაგი ბმის სიბრტყის სხვადასხვა მხარეს.

ინდუსტრიულად წარმოებული ტრანს-ცხიმოვანი მჟავები, რომელიც მიიღება ნახევრად ჰიდროგენიზებული თხევადი მცენარეული ცხიმისაგან,  გვხვდება მარგარინში, სპრედის ცხიმში, ტკბილეულში, ნამცხვრებსა და დონატებში, შემწვარ საკვებში.

მცენარეულ ცხიმებში ბუნებრივად მხოლოდ „ცის“ იზომერებია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებში ამ ცხიმების ოპტიმალურ მონაწილეობას. ბუნებრივ  მცენარეულ ცხიმებში არ არის ტრანს-ცხიმები. მარგარინის წარმოებისას 48%-მდე ტრანს-ცხიმები წარმოიქმნება. ტრანს-ცხიმების შემცველობა სპრედებსა და მარგარინებში შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეიცვალოს იმასთან დაკავშირებით თუ რა წილი აქვს მასში ნაჯერ ცხიმებს. ტრანს-ცხიმოვანი მჟავების წარმოქმნა ხდება აგრეთვე მცენარეული ცხიმების შეცხელებისას. რბილ სპრედებში ტრანს-ცხიმების შემცველობა 1-17% ფარგლებში მერყეობს, 

ტრანს-ცხიმები არღვევენ უჯრედის მემბრანის განვლადობას და მოქნილობის რეგულირების მექანიზმებს, სრულფასოვნად არ მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, გამოირჩევიან  ორგანიზმში კუმულაციის უნარით, იწვევენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL–C) ე. წ. ,,ცუდი ქოლესტერინის“ რაოდენობის მატებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL –C)  შემცირებას, რაც წარმოადგენს იშემიური დაავადების, ათეროსკლეროზის განვითარების მაღალ რისკს.  გარდა ამისა, არსებობს  რეპროდუქციული ფუნქციის დაზიანების (ჩანასახის ზრდა–განვითარების შეფერხების), ინსულინისადმი  რეზისტენტობის დაქვეითების და ამ ფონზე შაქრიანი დიაბეტის განვითარების, აგრეთვე ალცჰეიმერის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხე. სამეცნიერო ლიტერატურაში აღინიშნება იმუნური სისტემის დასუსტების რისკიც.  დღესდღეობით  არსებობს უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ ტრანს-ცხიმები ზრდის გულის კორონარული უკმარისობის განვითარების რისკს.  ეჭვგარეშეა ტრანს-ცხიმებისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის  „დოზა-ეფექტის“ ურთიერთკავშირი. საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის კორონალური უკმარისობის რისკს ადამიანებში. სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით,  ყოველდღიურად 40გ  მარგარინის მიღება, რომელიც შეიცავს 5 გ ტრანსიზომერს, ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს 50%-ით.

ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის თვალსაზრისით, მრავალი მეცნიერის მოსაზრებით, ტრანს-ცხიმები პირველ ადგილზეა. ჭარბი ნაჯერი ცხიმები  და ტრანს-ცხიმები სისხლის ლიპიდურ შემადგენლობასა და ქოლესტეროლის ფრაქციებს უარესობისკენ რომ ცვლიან და გულის დაავადებათა რისკს საგრძნობლად ზრდიან, ამაზე აღარავინ დავობს. ნაჯერი ცხიმები ბუნების შემოქმედებაა, ტრანს-ცხიმები კი ტექნოლოგიის პროდუქტი. ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიღებული ცხიმებიდან ნაჯერი ცხიმები 2-ჯერ  ნაკლები უნდა იყოს უჯერ ცხიმებთან შედარებით, ტრანს-ცხიმების  მიღების  დღიური ნორმა კი არ უნდა აღემატებოდეს საერთო ენერგომოხმარების 1%-ს, რაც დაახლოებით 2-2.5 გრამის ექვივალენტია. თუმცა, უმჯობესია საერთოდ იყოს ამოღებული ადამიანის კვებითი რაციონიდან.