რა არის C ჰეპატიტი?

C ჰეპატიტი  ვირუსით გამოწვეული  ღვიძლის დაავადებაა. ინფექციის გადაცემის ძირითად ფაქტორს სისხლი წარმოადგენს.

C  ჰეპატიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა!  ის ღვიძლის ციროზისა და კიბოს გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია.

C ჰეპატიტის მძიმედ მიმდინარეობას ისიც ართულებს, რომ ხშირად ინფიცირებიდან  20-30 წლის შემდეგ ვლინდება: დაავადებული თავისი ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მაშინ იგებს, როცა ვირუსის მიერ ღვიძლი უკვე დაზიანებულია.

 რა გზებით ხდება C ვირუსული ჰეპატიტის გადაცემა?

  • კანის მთლიანობის დარღვევისას სისხლის მეშვეობით
  • საერთო შპრიცის გამოყენებით 
  • არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენებით (სტომატოლოგიური, სხვა სამედიცინო პროცედურების, ან მანიკური/პედიკური/ტატუ/პირსინგის გაკეთების დროს)

C  ჰეპატიტით ინფიცირებული პირისგან  სისხლის გადასხმით ან ორგანოების გადანერგვით

  • ისეთი საოჯახო ნივთების გამოყენებით, რომელთაც შესაძლებელია შეხება ჰქონდეთ სისხლთან.  მაგ: საპარსი, კბილის ჯაგრისი, ფრჩხილების მაკრატელი და ა.შ.
  • სქესობრივი გზით (გადაცემის ალბათობა 3-5 %-ია)
  • პერინატალური გადაცემა - დედიდან ბავშვზე გადაცემა მშობიარობის დროს (4-7%-ში)

C ჰეპატიტის მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

  • ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები
  • C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა ოჯახის წევრები
  • სამედიცინო პერსონალი, რომელთაც სისხლთან ან მის კომპონენტებთან  აქვთ კონტაქტი
  • ინფიცირებული დედისგან დაბადებული ბავშვები
  • პირები, რომელთაც სისხლის გადასხმა ან ორგანოთა გადანერგვა ჩაუტარდათ

თუ ფიქრობთ, რომ C  ჰეპატიტით ინფიცირების რისკის ქვეშ ხართ ჩაიტარეთ ტესტირება! ტესტირება ზრდის C ჰეპატიტის ადრეული გამოვლინებისა და წარმატებული მკურნალობის შანსს. დადებითი პასუხის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიოში ყველაზე ახალი, ეფექტური და ძვირადღირებული პრეპარატებით მკურნალობას.

გაითვალისწინეთ,  რომ წარმატებული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ადამიანი კვლავ დაავადდეს C ჰეპატიტით!

როგორ ავიცილოთ თავიდან C  ჰეპატიტი?

  • არ გამოიყენოთ ნახმარი შპრიცი
  • არ იხმაროთსხვისი  კბილის ჯაგრისი, საპარსი, ფრჩხილების საჭრელი მაკრატელი და ა.შ.
  • სქესობრივი კონტაქტისას გამოიყენეთ პრეზერვატივი

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, სტომატოლოგს, დალაქს, მანიკურის/პედიკურის სპეციალისტს, არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები სტერილური