ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ჰერპეს ზოსტერის ვირუსით. ინფექციის წყაროა ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 5-7 დღის  განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 7-21 დღეა. ინფექცია გადაეცემა როგორც ჰაერით (დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში) ისე კონტაქტური(ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებულის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები) გზით.

ჩუტყვავილა ძირითადად ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მაღალი კონტაგიოზურობით. ინფექცია ადვილად გადაეცემა მათ, ვისაც არ აქვთ გადატანილი დაავადება და/ან არ არიან ვაქცინირებულნი ჩუტყვავილას საწინაამღდეგო ვაქცინით. ინფექცია სწრაფად ვრცელდება დახურულ სივრცეში. დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.  ახასიათებს სეზონურობა. დაავადების შემთხვევები ძირითადად გვხვდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ხშირია ეპიდაფეთქებები ბავშვთა კოლექტივებში.

დაავადება განსაკუთრებით სახიფათოა ახალშობილთათვის. ახალშობილთა გარკვეულ ნაწილს გააჩნიათ თანდაყოლილი იმუნიტეტი დედის პასიური იმუნიტეტის შედეგად, რის გამოც 2-3 თვის ბავშვები იშვიათად ავადდებიან. ჩუტყვავილათი დაავადებული დედისგან კი შესაძლებელია ნაყოფის დაინფიცირება ტრანსპლაცენტარული გზით.

დაავადება იწყება ცხელებით (სხეულის ტემპერატურა მკვეთრად მატულობს 39-40 გრადუსამდე) და თავის ტკივილით. ინფექციისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ჭირვეულობა და მადის დაქვეითება, რასაც თან ერთვის ჩუტყვავილასთვის დამახასიათებელი წვრილი, ღია ვარდისფერი ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც მოგვიანებით სითხით სავსე ბუშტუკად გადაიქცევა. ბუშტუკის  შიგთავსი მალევე იმღვრევა, სითხე იღვრება და წარმოიქმნება ფუფხი, რომელიც 1-3 კვირის შემდეგ ჩამოიფცქვნება.  ჩუტყვავილას ახასიათებს გამონაყარის პოლიმორფული სურათი. დაავადებული სხეულზე ერთდროულად ჩანს გამონაყარი ლაქოვან-პაპულურ, ვეზიკულურ და ფუფხოვან ფაზაში. გამოყრა გრძელდება 3-4 დღე.  გამონაყარი ჩნდება სახეზე, თავის თმიანი ნაწილზე, ვრცელდება მთელ სხეულზე და ხასიათდება ძლიერი ქავილით.ძლიერი  ქავილის შემთხვევაში,შესაძლებელია გამონაყარის ადგილის დაინფიცირება და მეორადი ინფექციის განვითარება.

დაავადება ძირითადად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ამიტომ რეგისტრირებულ შემთხვევათა ძირითადი ნაწილი ამბულატორიულია. აუცილებელია ჩუტყვავილათი დაავადებულის იზოლაცია ბინაზე დაავადების დაწყებიდან 9 დღის განმავლობაში. სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. ძირითადად ტარდება სიმპტომური თერაპია. აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა, რათა თავიდან იყოს აცილებული მეორადი ინფექციის განვითარების საშიშროება.

ჩუტყვავილა განსაკუთრებით სახიფათოა და მძიმედ მიმდინარეობს იმ პირებში, რომელთაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა:

  • აივ ინფიცირებულები
  • სიმსივნით დაავადებულები
  • პირები, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორგანოთა ტრანსპლანტაცია
  • ქიმიოთერაპიულ, იმუნოსუპრესიულ და სტეროიდულ მკურნალობაზე მყოფი პირები

ჩუტყვავილას მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დაფიქსირდეს რიგი გართულებები:

  • დეჰიდრატაცია
  • პნევმონია
  • სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ენცეფალიტი
  • სეფსისი
  • ტოქსიური შოკის სინდრომი
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები

გართულებების შემთხვევებში აუცილებელია  პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

დაავადების პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ვაქცინაცია. გამოიყენება ატენუირებული ცოცხალი ვაქცინა. ვაქცინაცია ტარდება 12თვის ასაკში და მისი დამცველობითი ეფექტურობა 95%-ია. იმუნიტეტის ხანგძლივობა 8-20 წელია. დაავადების გადატანის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადება პრაქტიკულად არ გვხვდება.

საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრითჩუტყვავილას ვაქცინაცია  არ ტარდება.

ჩუტყვავილას(VZV) ვაქცინა ქვეყანაში რეგისტრირებულია და ვაქცინაცია შესაძლებელია კომერციულ ქსელში.

 

http://www.cdc.gov/chickenpox/about/overview.html