ზიკა ვირუსი

მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო, ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ზიკა ვირუსი (ZIKV) მიეკუთვნება  Flaviviridae–ს ოჯახს, Flavivirus–ის გვარს. ვირუსის ტრანსმისიული  გზით გადაცემა ხდება კოღოების (Aedes)  სხვა და სხვა სახეობების მეშვეობით (ინკუბაციური პერიოდი კოღოს კბენიდან 3 –12  დღე), ვირუსის გადაცემა ასევე შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტით. ზიკა ვირუსი იწვევს საშუალო სიმძიმის ცხელებით მიმდინარე დაავადებას, რომელიც ცნობილია ზიკას დაავადების სახელწოდებით –"Zika disease". დაავადება კლინიკური სურათით გავს სხვა ფლავი ვირუსებით გამოწვეულ დაავადებებს (დენგე, ყვითელი ცხელება, დასავლეთ ნილოსის ცხელება). ზიკა ვირუსით გამოწვეულიდაავადების შემთხვევები აღწერილია 1947 წლიდან აფრიკასა და აზიაში, ხოლო 2000 წლიდან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. სიმპტომები არასპეციფიურია: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, ზურგის ტკივილი, მაკულო–პაპულოზური გამონაყარი, კონიუქტივიტი. ყოველი 5 შემთხვევიდან მხოლოდ ერთში არის გამოხატული სიმპტომები, რომელიც გრძელდება 2–7 დღე. ლეტალობა არ ახასიათებს. პრევენციისათვის ვაქცინა ან სპეციფიური მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობა - სიმპტომების მიხედვით. კლინიკური სურათიდან გამომდინარე, დიაგნოზის დასმისათვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიულ დიაგნოსტიკა. ზიკა ვირუსის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება პჯრ და სეროლოგიური კვლევის მეთოდები.

ბრაზილიაში 2015 წლის მაისში ზიკას დაავადების პირველი შემთხვევა დარეგისტრირდა, შემდეგ დაავადება გავრცელდა ბრაზილიის 18 შტატში, ასევე  მეზობელ ქვეყნებში:  კოლუმბია, სალვადორი, გვატემალა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინამი, გონდურასი და ვენესუელა. 2015 წელს აფრიკის კაბო–ვერდეში აღირიცხა ზიკას დაავადების 1000 სავარაუდო შემთხვევა, 64 სისხლის ნიმუშიდან 17 აღმოჩნდა დადებითი ზიკა ვირუსზე. ევროპაში 2015 წელს აღრიცხულია ერთი სურინამიდან იმპორტირებული შემთხვევა ნიდერლანდებში, ხოლო  2016 წელს ერთი შეტანილი შემთხვევა ჰაიტიდან გერმანიაში.

2015 წელსვე ბრაზილიაში მიკროცეფალიით დაავადებული ახალშობილიდან იქნა გამოყოფილი ზიკა ვირუსი. ორსულობის პერიოდში დედის ამ ვირუსით ინფიცირება ზრდის ნაყოფში მიკროცეფალიის განვითარების რისკს, რადგან ვირუსს აქვს უნარი ტრანსპლაცენტარულად შეაღწიოს ნაყოფში. ბრაზილიის 20 შტატში  2015 წელს 2401 მიკროცეფალიის შემთხვევა (მათ შორის 29 ლეტალური შედეგით) აღირიცხა, 2014 წელს 147, 2013 წელს 167 შემთხვევა. მიკროცეფალიის 134 შემთხვევაში დადგენილია ახალშობილის ზიკა ვირუსთან კავშირი (ბავშვის დედას გადატანილი აქვს დაავადება ორსულობის პერიოდში). დანარჩენი შემთხვევების კვლევა გრძელდება. ასევე აღწერილია შემთხვევები ზიკა ვირუსით გამოწვეული დაავადების გართულებისა  გიენ ბარეს და სხვა ნევროლოგიური სინდრომით.

ზიკას დაავადების პრევენციული ღონისძიებებია კოღოების კბენისგან თავის დაცვა რეპელენტების, სპეციალური ბადეების მეშვეობით, გრძელმკლავიანი და გრძელტოტებიანი ტანსაცმლის ტარება არაკეთილსაიმედო ქვეყნებში მოგზაურობისას.