გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა 22.01.2016

2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის ბოლოსთვის, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს კვლავ არ აჭარბებს და პოლიკლინიკური მიმართვიანობის ინტენსივობა  საშუალოდ ქვეყანაში შეადგენს 273-ს 100 000-ზე (არ აღემატება ეპიდემიურ ზღურბლს 450-500 მიმართვა 100 000 მოსახლეზე).

ეპიდსიტუაცია სტაბილურია ყველა რეგიონში, შემთხვევათა ზომიერი ზრდის ტენდენციით.

2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის  83 ვირუსი (პირველი გამოყოფა - 2015 წლის 49-ე კვირაში), მ.შ.  A/H1p – 80 და A/H3 – 3.

მიღებული ინფორმაციით, ევროპის რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ეპიდსიტუაციაა:

უკრაინა

უკრაინის ტერიტორიაზე, 2016 წლის 21 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია H1N1-ით გამოწვეული 51 ლეტალური შემთხვევა. წყაროების მონაცემებით, 2016 წელს გრიპით გარდაცვლილთა 98% უკავშირდება H1N1 ტიპის ვირუსს.

გარდაცვლილთა რაოდენობიდან გამონდინარე, გადაწყდა, რომ იმ რეგიონებში სადაც მაღალია ავადობის დონე დახურული იქნას სასწავლო დაწესებულებები.

რუსეთი

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, აღინიშნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში ავადობის მატება 100,2 %-ით.მონაცემები ცხადყოფენ, რომ ადგილი აქვს ეპიდეემიის დასაწყისს.

სომხეთი

ა.წ 18 იანვრის მონაცემებით, გრიპის ვირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა უახლოვდება 1000. ამ დროისთვის რეგისტრირებულია გრიპით გარდაცვალების 18 შემთხვევა.

აზერბაიჯანი

ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში ამ დროისთვის გრიპის ვირუსით ავადობა არ ფიქსირდება.

თურქეთი

ა.წ 18 იანვრის მონაცემებით, თურქეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 463 გრიპის დადასტურებული შემთხვევა აქედან, 17 ლეტალური გამოსავლით. 

  • საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად ცირკულირებს A/H1p, იშვიათად - A/H3;
  • დაავადებულთა მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის მიზნით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დაავადება რომელი კონკრეტული ქვეტიპითაა გამოწვეული;
  • A/H1p საქართველოში დომინანტური იყო 2009-10 და 2010-11 სეზონებზე; თანაცირკულირებდა - 2011-12; 2012-13; 2013-14 და 2014-15 წლების სეზონებზე სხვა დომინანტურ ვირუსებთან;
  • სეზონის განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 20% - ის ინფიცირებაა მოსალოდნელი;
  • A/H1p დავადების მძიმე ფორმას იწვევს შედარებით ახალგაზრდა და პრაქტიკულად ჯანმრთელ პირებში;
  • საზოგადოებაში გრიპის ვირუსის ცირკულაციის დროს, ინდივიდუალურ დონეზე გაურთულებელი გრიპის დიაგნოსტიკა შესაძლებელია კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით.
  • ვინაიდან, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის (სახეობას არ აქვს მნიშვნელობა) უარყოფითმა შედეგმა გავლენა არ უნდა მოახდინოს მკურნალობის ტაქტიკაზე და ინფექციური კონტროლის ღონისძიებებზე, სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.
  • დკსჯეც განაგრძობს ზედამხედველობას გრიპზე საყრდენი ბაზებით, ინფორმაცია პერიოდულად განახლდება ცენტრის ვებ გვერდზე.

 

მიმდინარე ეტაპზე მნიშვნელოვანია: 

  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა - მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!
  • დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
  • მიიღეთ სიმპტომური მკურნალობა - სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები და ა.შ.
  • იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

ვებ გვერდი: www.ncdc.ge

ფეისბუქი: https://www.facebook.com/ncdcgeorgia/