მენინგოკოკცემია

რა არის მენინგოკოკცემია?

მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი)_მენინგოკოკით (Neiseria Meningitidis) გამოწვეული ინფექციის გენერალიზებული ფორმაა, რომელიც ხასიათდება მწვავე სეპტიცემიის სიმპტომების გამოვლინებით, ინფექციურ-ტოქსიური შოკისა და თრომბოჰემორაგიული სინდრომის განვითარებით. შესაძლოა მიმდინარეობდეს (მენინგიტ-მენინგოკოქცემია) შერეულიფორმით.

რამდენად საყურადღებოა მენინგოკოკცემია?

ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან მენინგოკოკის მტარებელი ადამიანი. ადამიანის დაინფიცირება ხდება აეროგენული გზით ინფექციის წყაროსთან დახურულ სივრცეში ხანგრძლივი და მჭიდრო (0,5-1.0მ-ის ფარგლებში) კონტაქტის შემთხვევაში,რაც განპირობებულია გარემოში მენინგოკოკების სუსტი გამძლეობით.

მენინგოკოკით დაინფიცირებულთა უმრავლესობას კლინიკური გამოვლინება პრაქტიკულად არ აღენიშნება, ნაწილს შეიძლება განუვითარდეს მწვავე ნაზოფარინგიტი, მხოლოდ ზოგიერთს უვლინდება გენერალიზებული ფორმა მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. ინფექციის გავრცელებაში წამყვან როლს ნაზოფარინგიტით დაავადებულები თამაშობენ,ვინაიდან ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია. მსუბუქი მიმდინარეობის გამომენინგოკოკური ნაზოფარინგიტიანი ავადმყოფები არ არიან იზოლირებული, რაც ხელს უწყობს ინფექციის აქტიურ გავრცელებას. მენინგოკოკის ე.წ ,,ჯანმრთელი“ მტარებლობა შეიძლება გაგრძელდეს 1-3 კვირა, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი რისკს წარმოადგენენ გარშემომყოფებისთვის.

მენინგოკოკცემიით უპირატესად ავადდებიან ბავშვები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადმყოფთა 70%-ს შეადგენენ.
შემთხვევათა მატება იწყება შემოდგომაზე და პიკს აღწევს გაზაფხულზე.

როგორია მენინგოკოკცემიის გავრცელება საქართველოში?

საქართველოში, ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის საშუალოდ 20 შემთხვევა რეგისტრირდება. მაღალია მენინგოკოკცემიით გამოწვეული ლეტალობა (10-20%), განსაკუთრებით, მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმების დროს.

როგორ უნდა გავიგო, ვარ თუ არა მენიგოკოკცემიით ავად?

მენინგოკოკცემია (მენინგოკოკური სეფსისი) შეიძლება დაიწყოს უეცრად, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა 39-400C, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, უმადობა. მენინგოკოკცემიის ერთ-ერთი ძირითადი ამოსაცნობი ნიშანია პეტექიური გამონაყარი, რომელიც დაავადების დაწყებიდან 5-20 საათის განმავლობაში, უფრო იშვიათად – მეორე დღეს- კანსა და ლორწოვანებზე სხვადასხვა ზომისა და ფორმის სისხლჩაქცევების სახით ჩნდება. გამონაყარი უმეტესად ლოკალიზებულია ხელებზე, ფეხებზე, დუნდულებზე, ბარძაყებზე. სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში არსებული სისხლჩაქცევები დაავადების სიმძიმეზე მეტყველებს. მენინგიტთან შერეული ფორმის დროს, მენინგიალური სიმპტომებიც არის დამახასიათებელი დაავადება უაღრესად სწრაფად, პრაქტიკულად ერთ დღეში პროგრესირებს მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმის დროს. ასეთ შემთხვევაში, დაავადების გამოსავალი ზოგჯერ არაკეთილსაიმედოა.


როგორ უნდა მოვიქცეთ აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში?

ზემოთ ჩამოთვლილი, სიმპტომების არსებობისას, აუცილებელია ექიმთან მიმართვა, ხშირად საათებს და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანამნეზური მონაცემებისა და გასინჯვის საფუძველზე, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის შესაბამის სტაციონარში მოთავსებისა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნის შესახებ.

რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის რომ თავიდან იყოს აცილებული მენინგოკოკცემია?

მენინგოკოკცემიის და ზოგადად მენინგოკოური ინფექციის პროფილაქტიკაში დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენური რეჟიმის დაცვას ბავშვთა სკოლამდელ და სასწავლო დაწესებულებებში.

სპეციფიური პროფილაქტიკისათვის გამოიყენება ვაქცინა, რომელიც ჩვეულებრივ მენინგოკოკური ეპიდემიების დროს გამოიყენება. საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით, მენინგოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ტარდება, თუმცა ვაქცინა ქვეყანაში რეგისტრირებულია და ვაქცინაცია შესაძლებელია კომერციულ ქსელში.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, მენინგოკოკცემიით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებზე მყარდება ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, რათა გამოვლენილ იყოს დაავადების ადრეული ნიშნები (განსაკუთრებით, ცხელება) და მიმართონ სათანადო მკურნალობის მისაღებად დაყოვნების გარეშე. რეკომენდებულია, ახლო კონტაქტირებულმა პირებმა ექიმის ზედამხედველობით ჩაიტარონ ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა.