კონფერენცია - კიბოს მსოფლიო დღე 04.02.2016

201წლის თებერვალს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით

ჩვენ შეგვიძლია... მე შემიძლია…

კონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ონკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელი პირები.

კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა კიბოს პოპულაციური რეგისტრის 2015 წლის პირველადი მონაცემების ანალიზი და კიბოს კონტროლის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩატარებული კიბოს კონტროლისა და საჭიროებების შეფასების მიმოხილვითი მისიის ანგარიში.

ონკოლოგიური დაავადებები მაღალი ავადობითა და სიკვდილიანობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს გლობალურად.კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა 1990 წლიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება. ჯანმო-ს ექსპერტთა პროგნოზით, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს წელიწადში, გაიზრდება და 13 მილიონზე მეტი გახდება 2030  წლისთვის. კიბოს ახალი შემთხვევების ზრდის უმეტეს ნაწილს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ექნება ადგილი, სადაც ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული მკურნალობა კვლავაც პრობლემად რჩება.

საქართველოში 2015 წელს დაინერგა კიბოს პოპულაციური რეგისტრი,  რაც საშულებას იძლევა შედარებით ზუსტი მონაცემები მივიღოთ ონკოლოგიურ დაავადებათა ავადობის თავისებურებების შესახებ.

ეროვნული მონაცემების მიხედვით 2014 წელს ქალთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ძუძუს კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 52), მეორეზე - საშვილოსნოს ყელის კიბო (მაჩვენებელი 100 000 ქალზე 9);  ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, საკვერცხეების, კუჭის და საშვილოსნოს ტანის კიბო. 2014 წელს მამაკაცთა ონკოლოგიური ავადობის სტრუქტურაში პირველ ადგილზე იყო ფილტვის კიბო (მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე 21.8), მეორე ადგილზე პროსტატის კიბო (მაჩვენებელი 100 000 მამაკაცზე 12.6), ხოლო მომდევნო ადგილებზე კოლორექტალური, კუჭის, ხორხის და  შარდის ბუშტის კიბო.

2016-2018 წლებში კიბოს მსოფლიო დღის მიზანია, ადამიანთა ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას - ერთობლივად ან ინდივიდუალურად - შეიტანოს საკუთარი წვლილი კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში. კიბოს მსოფლიო დღე მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობასა თუ მედიაში კიბოს პრობლემის გაჟღერებისა და კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო საშუალებაა და იძლევა  შესაძლებლობას, რათა მოხდეს გაზიარება თუ რა შეიძლება გააკეთოთ, რა ვალდებულებები აიღოთ და რითი დაეხმაროთ სხვებს. რისი გაკეთებაც არ უნდა გადაწყვიტოთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი ძალისხმევა აუცილებლად წარმატებული იქნება.

შემოგვიერთდით 4 თებერვალს

ჩვენ შეგვიძლია... მე შემიძლია…

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

კიბოს პოპულაციური რეგისტრი (საქართველო, 2015 წლის წინასწარი მონაცემები)

 

კიბოს მსოფლიო დღე

კიბოთი ავადობის თავისებურებები საქართველოში, 2014

ონკოლოგიურ დაავადებათა ტვირთი მსოფლიოში