ეპილეფსია და სტიგმა

ეპილეფსია თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, გამოწვეული ტვინის ნეირონების უნებლიე, არაადეკვატური აღგზნებით. ხასიათდება ეპილეფსიური გულყრებით.

10-დან 6 შემთხვევაში ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, მის განვითრებაში გარკვეულ როლს ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, ტვინის ინფექციური დაავადებები (მენინგიტი, ენცეფალიტი...), თავის ტრამვული დაზიანება (მათ შორის მუცლადყოფნის პერიოდში განვითრებული დაზიანებები გამოწვეული ჰიპოქსიით, დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადებით...)[i].

ეპილეფსია, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე  სტიგმატიზებული სამედიცინო მდგომარეობაა. მდგომარეობის ნებისმიერი ტიპი, რომელიც არ თავსდება იმ ჩარჩოებში, რომელიც კონკრეტულ საზოგადოებას აქვს ჯანმრთელობის თუ ქცევის შესახებ და გაუგებარია გარშემომყოფთათვის, არასწორი ინტერპრეტაციების და სტერეოტიპული დამოკიდებულების მიზეზი ხდება. ეპილეფსიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები კი საკმაოდ მრავალფეროვანია - საშიში, კრიმინალური ტენდენციები,  ფსიქიკური პრობლემები, „გადამდები“... და შესაბამისად არასასურველი და მიუღებელი.

მართალია, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანებში ეპილეფსიური მდგომარეობით მომატებულია ძალადობის და/ან ფსიქიკური აშლილობის რისკი, თუმცა, მსგავსი არასწორი წარმოდგენები და მითები ხშირად თვითონ დაავადებულებსაც აქვთ. მაგ. ერთ-ერთი კვლევით აღმოჩნდა, რომ ეპილეფსიით დაავადებულთა 30% ეპილეფსიას ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევს და ამასთანავე ფიქრობენ, რომ გადამდებია… [ii] [iii]

სტერეოტიპების შედეგია ის, რომ არცთუიშვიათად,  ეპილეფსიის მქონე ადამიანებს უჭირთ  საზოგადოების წევრებთან ურთიერთობა, სამსახურის შოვნა ან/და მისი შენარჩუნება, ექმნებათ პრობლემები  ოჯახის შექმნაში[iv]; იზღუდება მათი თავისუფლება. მაგალითად, ხშირად მიაჩნიათ, რომ ეპილეფსიით დაავადებულები არ უნდა მართავდნენ ავტომობილს. ბევრ ქვეყანაში მათ ეკრძალებათ კიდეც მანქანის მართვა. რეალურად, კი კვლევები ამტკიცებს, რომ ამ დავადებასთან  ავტოსაგზაო შემთხვევების უმნიშვნელო წილია დაკავშირებული. მაგალითად, ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ეპილეფსიურ გულყრებთან დაკავშირებულია ავარიების  მხოლოდ 0.2%, მაშინ როცა ალკოჰოლთან დაკავშირებულია ავარიების 31%[v] ..

დიახ, ეპილეფსია ხშირი მოვლენაა, აქვს მრავალი ფორმა, დღეს მისი მართვისა და კონტროლის უამრავი თანამედროვე საშუალება არსებობს, არსებობს პრევენციის გზებიც. ეს ყველაფერი ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს სრუფლასოვანი, პროდუქტიული ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას აძლევს. თუმცა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები, არასწორი წარმოდგენები და შედეგად დიაგნოზი „ეპილეფსია“ პაციენტებში იწვევს სირცხვილისა და დანაშაულის განცდას, დეპრესიას, შფოთვის გაძლიერებას წამლების მიღებისა და სხვების რეაქციებთან დაკავშირებით. ეს კი თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ამ ადამიანების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე....

 

ბლოგის ავტორები:

ნათია ქაქუთია

მაია შიშნიაშვილი

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 

გამოყენებული წყაროები:



[i] http://www.who.int/mental_health/media/en/639.pdf

[ii][ii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3720715

[iii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10840406

[iv] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10924867

[v] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15452290