ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის აღმასრულებელი მიმოხილვა 29.02.2016

2016 წლის 29 თებერვალს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში  - ბატონ ი. კელისთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ ბატონი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები, აგრეთვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ამერიკული მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC), საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) წარმომადგენლები.

შეხვედრა მიეძღვნა ქართულ-ამერიკულ მრავალწლიან თანამშრომლობას ჯანდაცვის სფეროში და უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ბიო-მედიცინასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში, კერძოდ კი: ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნის, რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხებს, რომლებიც შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უზარმაზარი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის შედეგებია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები და ასევე წარმოადგინეს სამომავლო ხედვა პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებისა და გაფართოების ჭრილში.   

 

იხილეთ ფოტოალბომი