უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება. მსხვერპლთა უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. საგზაო შემთხვევებით დაზარალებულთა 22% ქვეითად მოსიარულეები, მათ შორის კი, უმეტესად ბავშვები და მოზარდები არიან.

მსოფლიოში ყოველ ექვს წამში ავტოკატასტროფაში ერთი ადამიანი იღუპება. ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ საგზაო უსაფრთხოების შესახებ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით 2012 წელს დაფიქსირდა 5339 საგზაო შემთხვევა, რის გამოც დაშავდა 6638 და გარდაიცვალა 605 ადამიანი - აქედან 18 ბავშვი, 2013 წელს კი, 5510 საგზაო შემთხვევა, 7734 დაშავებული და 514 გარდაიცვლილი - აქედან 22 ბავშვი.
2004-2013 წლების საგზაო შემთხვევების სტატისტიკა ასეთია:


საქართველოში მომხდარი საგზაო შემთხვევების მესამედი ქვეითად მოსიარულეებს აზარალებს, რომელთაგანაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები.

სამწუხაროდ, ბავშვების დაღუპვის მიზეზი მშობლის უყურადღებობა ხდება. გამოკითხვამ გვიჩვენა, რომ მშობლების უმეტესობა ვერ აფასებს რისკებს.

2011-2020 წლების ათწლიანი საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო პროგრამა გვთავაზობს კონკრეტულ ღონისძიებებს, ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიმართულებით.

არსებობს მრავალი მეთოდი ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და მოხერხებული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. უსაფრთხოების ზომების ყოველი დეტალის ცოდნა და აღსრულება, იძლევა ქვეითად მოსიარულე მგზავრთა უსაფრთხოების გარანტიას.

რა ზომები უნდა იქნას მიღებული ქვეითად მოსიარულე ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისათვის ?

• ჩვენი საკუთარი ქცევით შევასწავლოთ ბავშვებს, თუ როგორ უნდა იმოძრაონ გზებზე, გავხდეთ მათთვის მაგალითი;
• ვასწავლოთ საგზაო უსაფრთხოების წესები;
• ვუზრუნველყოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი საგზაო ნიშნების არსებობა სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ კარგად ხილვადი როგორც დღის, ისე ღამის საათებში 30კმ/სთ-მდე სიჩქარის შეზღუდვის საგზაო ნიშნები;
• ვუზრუნველყოთ სიჩქარის შემზღუდავი საინჟინრო ინფრასტრუქტურა: განივი რეზინის ამობურცული ზოლები, სკოლებისა და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში;
• ვიზრუნოთ სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე სავალი გზის კეთილმოწყობასა და მისი ინფრასტრუქტურის დახვეწაზე;
• ინფორმირებულობისა და ცოდნის ამაღლების მიზნით ვუზრუნველყოთ აგრესიული საინფორმაციო კამპანია;
• დავნერგოთ საგზაო უსაფრთხოების შემსწავლელი პროგრამები სასწავლო დაწესებულებებში;
• საკითხის პოპულარიზაციის მიზნით ყოველი წლის ოქტომბერში მივუერთდეთ სკოლის საერთაშორისო დღის აღმნიშვნელ საყოველთაო სეირნობას;

სამწუხაროდ, საგზაო ავარიების შედეგად, უამრავ ჩვენს ახლობელს ვკარგავთ, მაგრამ როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, უფრო მეტი ყურადღება გვმართებს. მივყვეთ საგზაო უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტებს, არ მივცეთ ბავშვებს უფლება დასხდნენ წინა სავარძლებზე, და გამოვიყენოთ ბავშვთა სპეციალური სკამები, რომელიც სიკვდილიანობასა და მძიმე ტრამვის ალბათობას 80%-მდე ამცირებს.

გაითვალისწინეთ, რომ:

• 12 წლამდე ბავშვის მანქანის წინა სავარძელზე მოთავსება დაუშვებელია;
• არ გამოიყენოთ ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი 6 წლის შემდეგ, რადგან მისი ვარგისიანობის ვადა უკვე გასულია;
• არ გამოიყენოთ მეორადი ბავშვთა უსაფრთხოების სავარძელი, რადგან ავტო-საგზაო შემთხვევის შემდეგ იგი კარგავს თავის პირველად დანიშნულებას;
• უსაფრთხოების სავარძელი შეარჩიეთ ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით, ამისათვის კარგად გაეცანით სავარძელზე მოცემულ ინსტრუქციას;

არსებული სტატისტიკის მიხედვით, უსაფრთხოების ღვედი მნიშვნელოვან წილად ამცირებს ავტოსაგზაო ინციდენტის დროს სიკვდილიანობის შემთხვევებს.

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება 50% ამცირებს სერიოზული საგზაო დაზიანების რიცხვს, ხოლო დაღუპვის შემთხვევას 60-70%-ით. მაქსიმალური უსაფრთხოებისათვის ღვედი უნდა იქნეს გამოყენებული ნებისმიერი დისტანციისა და სიჩქარის დროს, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა 75% სახლიდან 25 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდა.

ვიმუშაოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების კუთხით ტრანსპორტის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე.

უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მოსახლეობაზე, ისე სახელმწიფოსა და მის შესაბამის სტრუქტურებზე.

ერთად გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას, დავიცვათ მათი უფლებები და გადავარჩინოთ ათასობით ბავშვის სიცოცხლე!
წყარო:

http://who.int/violence_injury_prevention/publications/road_traffic/make_walking_safe.pdf?ua=1
http://www.safekids.org/international-walk-school-day
http://www.safekids.org/walk-way