ტუბერკულოზის მსოფლიო დღე - 24 მარტი, 2016

1982 წლიდან ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 24 მარტს აღინიშნება ტუბერკულოზის მსოფლიო დღე იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა  ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა (1882).

2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად -  “Unite to End TB– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.

მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება.

2014 წელს საქართველოში სულ რეგისტრირებული იყო ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3,850 შემთხვევა (პრევალენტობა - 103 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე); მათგან 2,807 შემთხვევა იყო ახალი (ინციდენტობა - 75 შემთხვევა 100.000 მოსახლეზე). წინასწარი მონაცემებით 2015 წელს საქართველოში რეგისტრირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა აბსოლუტურმა რაოდენობამ შეადგინა 3 615.

2015 წელს გამოიკვეთა ტუბერკულოზის საერთო შემთხვევების და მათ შორის მულტირეზისტენტული ფორმის შემთხვევათა კლება ქვეყნის მასშტაბით.  ეს მიღწეულ იქნა სახელმწიფოს, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. თუმცა, დაავადების შემცირების დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მულტირეზისტენტული (MDR) ტუბერკულოზი კვლავ რჩება ქყევნის მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

ბოლო წლებში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გახორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და ტუბერკულოზის ტვირთის შემცირებაზე, რაც თავისთავად სტრატეგიული პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 2016-2020 წლების ტუბერკულოზის სამოქმედო გეგმისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მისაღწევად.

საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა ქვეყნის ერთიანი საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობით ქვეყანამ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში  ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა  დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად - პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს; 2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით (ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით);  ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი - ბედაქილინი (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით); 2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად  შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები;

ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის და რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი სადიაგნოს­ტი­კო საშუალება ჯინ ექსპერტ-აპარატურა, რომელიც გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი.

სახელმწიფო მმნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა ინფრასტრუქტურის კუთხითაც, სულ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი პედიატრიული განყოფილება.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დონორ ორგანიზაციებთან, პირველ რიგში აივ ინფექციის/შიდსთან, ტუბერკულოზსა დ ამალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, ასევე სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის ექიმები საზღვრების გარეშე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან, ქვეყნის მასტშაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, ეპიდემიოლოგებთან, არასამთავრობო სექტორთან და პაციენტთა ორგანიზაცებთან ერთიანდება ტუბერკულოზის დასამარცხებლად.

2016 წლის 24 მარტს 13:30-15:30 საათზე თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს პარლამენტი აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტთან თანამშრომლობით  აწყობს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას.

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში ჩართული საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის შემდეგ გაიმართება გამოფენა: "ქართველი მხატვრები უერთდებიან End TB გლობალურ მოძრაობას".

Unite to End TB– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.