კონფერენცია - „საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH) 05.04.2016

2016 წლის 5 აპრილს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (NCDC) ეროვნული ცენტრის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU) და საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია -  პროექტის წარდგენა სახელწოდებით 

 

„საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ (GeNoC-PH) 

კონფერენციას დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. ასევე, ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტი/ტრომსოს უნივერსიტეტის (UiT), ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), საქართველოს უნივერსიტეტის (UG), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და კონსალტინგი და აიტი ინოვაციების (CiTi) წარმომადგენლებმა.

პროექტის მიზანია ახალი, საერთაშორისო, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის განვითარება საქართველოში, რომელიც ფოკუსირებული იქნება რეგისტრებისა და მოსახლეობის კვლევის ეპიდემიოლოგიაზე.

ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) ევრაზიასთან თანამშრომლობის პროგრამა მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სფეროში 2015-2020 წწ. პერიოდში ნორვეგიის თანამშრომლობის ხელშეწყობას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებთან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის კომპეტენციის გამომუშავებას, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა.

გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ორგანიზაციის „კონსალტინგი და აიტი ინოვაციები“  ტრომსოს უნივერსიტეტთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა საქართველოს დაბადების რეგისტრი (GBR), რომელიც ოფიციალურად ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან.

დაგეგმილია ყოველწლიურად 60 000 დაბადების რეგისტრაცია და მონაცემთა დიდი ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ანტენატალური მოვლის გაუმჯობესებას. პროექტის მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა და მათ შორის გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისათვის პროექტით გათვალისწინებული პრაქტიკა ხელს შეუწყობს არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი კომპეტენციების შესაბამისობას და კურსდამთავრებულების დასაქმებას.

კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობები ნორვეგიის გამოცდილების გათვალისწინებით.

 

იხილეთ ფოტოალბომი