ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - 7 აპრილი, 2016

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით 2016 წელს

  ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - 7 აპრილი ეძღვნება დიაბეტს, რადგან: 

  • დიაბეტის გავრცელება სწრაფად იზრდება მსოფლიოში; ზოგ ქვეყანაში დიაბეტის ეპიდემიაა.
  • დიაბეტის შემთხვევათა დიდი წილის პრევენცია შესაძლებელია. დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკისა და დაავადების გადავადებისათვის ძალიან ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა. სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი საკვები ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს.
  • დიაბეტი განკურნებადია! დიაბეტი კონტროლირებადია! დიაბეტის გართულებების პრევენცია შესაძლებელია! დროული დიაგნოსტირება, პაციენტებისთვის საკუთარი თავის მოვლის სწავლება და ეფექტური მკურნალობის ხელმისაწვდომობა პრობლემის მოგვარების აუცილებელი  კომპონენტებია.
  • მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღინიშნება დიაბეტის მაჩვენებელთა დრამატული მატება.
  • მდგრადი განვითარების მიზნების მესამე გლობალური მიზნის (2030 წლისთვის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ადრეული სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება) მისაღწევად მნიშვნელოვანია დიაბეტის პრევენცია და მკურნალობა.  საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს  -  მთავრობას, დამსაქმებლებს, მასწავლებლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, მედიას და თვითონ პაციენტებს - მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ. 

2016 წლს ჯანმრთელობის მსოფლიო დღ -

დავამარცხოთ დიაბეტი: უპირატესობა მივანიჭოთ პრევენცის, გავაძლიეროთ მართვ, გავაუმჯობესოთ ეპიდზედამხედველობა 

2016 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის  ამოცანებია:

  • დიაბეტის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის, დიაბეტის  გლობალური ტვირთისა და გართულებების შედეგების გაცნობიერება განსაკუთრებით საშუალო და მცირე შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის მიერ.
  • ეფექტური ქმედებების განხორციელება, რაც გულისხმობს დიაბეტის პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას, დიაბეტით დაავადებული ადამიანების მკურნალობასა და მათზე ზრუნვას.
  • დიაბეტზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება. 

შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა. ითვლება, რომ მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში დიაბეტმა ეპიდემიის ხასიათი მიიღო, მას სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში. ეჭვგარეშეა, რომ  შაქრიანი დიაბეტი 21-ე საუკუნეში ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა, ახასიათებს სისხლში გლუკოზის დონის მატება, რაც განპირობებულია პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი დეფიციტით. განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს: ტიპი 1 და ტიპი 2.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 (ინსულინდამოკიდებული დიაბეტი) აუტოიმუნური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს პანკრეასის β-უჯრედების სხვადასხვა მიზეზით (გრიპი, წითელა, პოლიომიელიტი, ძლიერი შიში) დაზიანება, რასაც თან ახლავს პანკრეასის მიერ გამომუშავებული ინსულინის რაოდენობის შემცირება მის აბსოლუტურ დეფიციტამდე. გლუკოზა გროვდება სისხლში, ანუ ვითარდება ჰიპერგლიკემია და შესაბამისად, მისი დეფიციტი უჯრედებში.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 (ინსულინდამოუკიდებული დიაბეტი) მეტაბოლური დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ინსულინრეზისტენტობა და ინსულინის შედარებითი დეფიციტი. ამ დროს პანკრეასის β-უჯრედების ფუნქცია ნაწილობრივ ან სრულად შენარჩუნებულია, თუმცა ორგანიზმს გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება არ შეუძლია.

ასევე, არსებობს გესტაციური დიაბეტი (ორსულობის დროს პირველად გამოვლენილი დიაბეტი) და დიაბეტის სხვა სპეციფიკური ფორმები (გენეტიკური დეფექტებით, პანკრეასის დაავადებებითა და ჰორმონული ან მედიკამენტებით გამოწვეული დარღვევების შედეგად განვითარებული დიაბეტი).  

 

ბუკლეტი