სამუშაო შეხვედრა სენფორდის გამომცემლებთან სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით

2016 წლის 15-19 აპრილს საქართველოში  სამომავალო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან სენფორდის გამომცემლობის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან და დარგის ექსპერტებთან.

„სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო“ 1970 წლიდან გამოიცემა და ყოველწლიურად განიცდის განახლებას. აღნიშნული სახელმძღვანელო მთელს მსოფლიოში გამოიყენება წამყვანი ექსპერტების მიერ და მიჩნეულია რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის „ოქროს სტანდარტად”. ამჟამად, დაბეჭდილია სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემა, თუმცა 2016 წელს განახლებული - 46-ე ვერსიის გამოცემა იგეგმება. ინგლისურის გარდა, სახელმძღვანელო პოლონურ და ჩინურ ენებზეც გამოიცემა (სენფორდის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე 2015 წლიდან გამოიცემა).

სენფორდის ყველა სახელმძღვანელო გამოიცემა ელექტრონული ვერსიის სახითაც, რომლებიც ყოველთვიურ რეჟიმში განიცდიან განახლებას.

უკანასკნელ წლებში, საქართველო აქტიურად ჩაერთო ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ეროვნული სტრატეგიის შექმნის პროცესში. როგორც აღნიშნული სტრატეგიის ნაწილი და საქართველოს სამედიცინო საზოგადოების მხრიდან გაზრდილი ინტერესის გამო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი 2015 წელს დაუკავშირდა სენფორდის გამომცემლობას საქართველოში „სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელოს“ ოფიციალური ქართული ვერსიის გამოცემის უფლების მოსაპოვებლად. ხელშეკრულება გაფორმდა 10 000 ეგზემპლარის გამოცემის შესახებ. ამ დროისთვის, დაბეჭდილია და საქართველოს ექიმებისთვის დარიგებულია სახელმძღვანელოს 3 000 ეგზემპლარი.

საქართველოს სამედიცინო საზოგადოების მხრიდან გამოჩენილი მაღალი დაინტერესების გამო, 2015 წლის დეკემბერში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავალებით, დკსჯეც კვლავ დაუკავშირდა სენფორდის გამომცემლობას, სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გაგრძელების გაფართოების მიზნით. კერძოდ, მხარეებს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება „სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო“-ს ელექტრონული ვერსიის ვებ-გვერდზე განთავსების შესახებ.

2016 წლის მარტში  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ში მოეწყო შეხვედრა გამომცემლობის ხელმძღვანელობასთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები.

საქართველოში სენფორდის გამომცემლების ვიზიტის პერიოდში, განხილულ იქნება თანამშრომლობის ტექნიკური საკითხები, ასევე ელექტრონული ვერსიის მართვის სხვადასხვა დეტალები.

აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართველი ექიმების მიერ ჩატარებული ანტიბაქტერიული მკურნალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.