ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი 13-17 აპრილი, 2016 წელი ბარსელონა, ესპანეთი

 2016 წლის 13-17 აპრილს ქალაქ ბარსელონაში (ესპანეთი) გაიმართა ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ ორგანიზებული ღვიძლის საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც ესწრებოდა 10 000-ზე მეტი მონაწილე მთელი მსოფლიოდან. კონგრესზე იმყოფებოდა ქართული დელეგაციაც, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ასევე კლინიცისტები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებიდან. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კონგრესის რამდენიმე სესიის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. ხუთშაბათს, 14 ივლისს, EASL-ისა და ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის ერთობლივ სესიაზე მოხსენებით წარსდგა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, რომელმაც ფართო აუდიტორიას საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით მიმდინარე პროგრესი გააცნო და ისაუბრა 2015 წელს ჩატარებულ C ჰეპატიტის გავრცელების შემსწავლელ კვლევაზე, ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შედეგებზე და ელიმინაციის გრძელვადიან, ხუთწლიან სტრატეგიაზე. იმავე დღეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ორგანიზებით გაიმართა სპეციალური, 2-საათიანი სესია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. სესიის პირველ ნახევარში მომხსენებლებმა წარმოადგინეს ელიმინაციის პროგრამის ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, რასაც მოჰყვა კითხვ-პასუხი და სამომავლო პერსპექტივების განხილვა. აღნიშნულმა სესიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დამსწრეთა უმეტესობას წარმოადგენდნენ უცხოელი ექსპერტები, კლინიციტები, ფარმცევტული კომპანიებისა და სხვა სამედიცინო თუ კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.

ამას გარდა, 15 ივლისს ბარსელონაში ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და ფარმაცევტულ კომპანია "გილიადს" შორის. დოკუმენტს ხელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და კომპანია გილიადის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერეს. ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ათი წლის მანძილზე უწყვეტად მიიღებს C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის ანტივირუსულ პრეპარატებს.

 

იხილეთ ფოტოალბომი