შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები

1. რას წარმოადგენს შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები?

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები ჯანმრთელობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2011 წელს მსოფლიოში სიკვდილიანობის 2% შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა ჯგუფზე მოდიოდა.[i]

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება:

▫          გლომერულოპათიები

▫          თირკმლების ტუბულო-ინტერსტიციული ავადმყოფობები

▫          თირკმლების უკმარისობა

▫          უროლითიაზი

▫          თირკმლებისა და შარდსაწვეთების სხვა ავადმყოფობები

▫          საშარდე სისტემის სხვა ავადმყოფობები

▫          მამაკაცის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები

▫          ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი ავადმყოფობები

▫          ქალის სასქესო სისტემის არაანთებითი ავადმყოფობები .[ii]

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები შესაძლებელია განპირობებული იყოს  როგორც ინფექციური აგენტებით, ასევე სხვა მდგომარეობებითა და რისკის ფაქტორებით.[iii]

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების ჩამოყალიბებისთვის, გარდა გენეტიკური განწყობისა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, წყლისა და, საზოგადოდ, სითხის ბალანსს, ცხოვრების წესს, სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობასა და კულტურას, შრომით საქმიანობას.[iv]

2. რატომ არის საყურადღებო შარდ-სასქესოსისტემის დაავადებები?

საქართველოში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები, გავრცელების მიხედვით მე-4 ადგილზეა. სიკვდილიანობის ძირითად მიზეზთა შორის დაავადებათა ეს ჯგუფი მე-11 ადგილს იკავებს. გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების გავრცელება მუდმივად იზრდება.

2012 წელს საქართველოში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებული იყო ქალის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები (პრევალენტობა 4504); მათ შორის სალპინგიტი და ოოფორიტი (პრევალენტობა 815,5), საშვლოსნოს ყელის ეროზია და ექტროპიონი (პრევალენტობა 840,2), მენსტრუალური ციკლის დარღვევა (პრევალენტობარეპროდუქციული ასაკის ქალებზე გადათვლით 1696,8). მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებათა გავრცელებაა 1439,7. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია (პრევალენტობა 646,1).[v]

შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებიდან ასევე გავრცელებულია სქესობრივი გზით გადამცემი ინფექციები.  

ვინაიდან საქართველოში შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებიდან მაღალი გავრცელებით სალპინგიტი და ოოფორიტი, საშვლოსნოს ყელის ეროზია და ექტროპიონი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ხოლო კაცებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია გამოირჩევა, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორებს.

სალპინგიტის და ოოფორიტის შემთხვევაში სარისკო ქცევას წარმოადგენს ჰიგიუნური წესების დაუცველობა სქესობრივი ცხოვრების დროს, ორგანიზმის გადაციება და ანთების შემთხვევაში, არასწორი და არასრულყოფილი მკურნალობა.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებით ან სხვა გარეგანი ფაქტორით. მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - კლიმატურ პირობებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს, ფსიქო-ემოციურ ზემოქმედებას და სხვა. მენსტრუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული მოჭარბებული სისხლდენა ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესებით, მიომური კვანძების არსებობით, საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. სისხლდენის გაძლიერების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ფაქტორიც: ცხელი შხაპი, ორგანიზმის გადახურება, ფიზიკური გადატვირთვა, ემოციური გადაძაბვა - ყოველივე ეს აძლიერებს სისხლის მოდენას მენჯის ღრუს ორგანოებში.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის (კეთილთვისებიანი), ანუ პროსტატის ადენომის განვითარება ასაკობრივ მოვლენებთანაა დაკავშირებული. პროსტატის ადენომატოზური ზრდა იწყება დაახლოებით 30 წლის ასაკისთვის  და 50 წლისთვის მამაკაცების 50 % უკვე აქვთ გამოხატული ჰიპერპლაზია, ხოლო 80 წლისთვის მამაკაცების - 75%-ს.  პაციენტების 40-50%-ში მდგომარეობა კლინიკურად გამოხატული და მნიშვნელოვანია.[vi]

3. რომელია შარდ-სასქესოსისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომები?

ოოფორიტი – საკვერცხეების ანთება, ხშირად შერწყმულია საშვილოსნოს მილების ანთებასთან (სალპინგიტი). გამომწვევებია სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ეშერიხიები, გონოკოკები, ტუბერკულოზის მიკობაქტერიები და სხვა მიკრობები. უმრავლეს შემთხვევებში საკვერცხეების დაზიანება ხდება მეორადად, სალპინგიტის შედეგად. განასხვავებენ დაავადების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიას. მწვავე ანთება ვლინდება ტკივილით მუცლის ქვევით და წელის არეში, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, დიზურიული დარღვევებით. საშოსმხრივი პალპაციით ისინჯება საშვილოსნოს მტკივნეული, გადიდებული დანამატები (ერთი ან ორივე მხრიდან). მკვეთრი მტკივნეულობის გამო, ზოგჯერ ვერ ხერხდება მათი საზღვრების დადგენა. სისხლში ადგილი აქვს ლეიკოციტოზს, ედს – ის მომატებას, ფორმულის მარცხნის გადახრას.  ქრონიკულ სტადიაში ავადმყოფებს აწუხებთ ტკივილი მუცელში, ტემპერატურის მომატება, მენსტრუალური ციკლის დარღვევები (მეტრორაგიები). [vii]

საშვლოსნოს ყელის ეროზიას ტკივილი ნაკლებად ახასიათებს. სიმპტომატიკა შედარებით მწირია. მისი ძირითადი სიმპტომია არასასიამოვნო, ჩირქოვანი გამონადენი.

მენსტრუალური ციკლის დარღვევის სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ჰიპომენორეა, თუ ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალიც გაიზარდა, მაშინ ოლიგომენორეაზე საუბრობენ; ამენორეა - მენსტრუაციის უქონლობა; პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება; მენორაგია - მოჭარბებული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა; მენსტრუაციებს შორის ამ დროს ჩვეული ინტერვალია შენარჩუნებული;  დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის (კეთილთვისებიანი), ანუ პროსტატის ადენომის ტიპიურ ჩივილებს მიეკუთვნება გაძნელებული მოშარდვის აქტი, შარდის ნაკადის შემცირება, წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება და შესაბამისად გახშირებული შარდვა.

4. რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის/პირველადი ჯანდაცვის ექიმს, რომელიც გაგიწევთ შესაბამის რეკომენდაციებს.

5. რისი გაკეთება შემიძლია შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?

ვინაიდან  სალპინგიტის და ოოფორიტის მთავარი მიზეზი მაინც სქესობრვი გზით გადამდები ინფექციებია, ამდენად ჰიგიენის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, საშოს ბაქტერიული ფლორის ხშირი კონტროლი, საჭიროებისას – კომპლექსური მკურნალობა სალპინგოოოფორიტის  საუკეთესო პროფილაქტიკაა. უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ერთი საეჭვო ნიშანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, ჩაიტარეთ გამოკვლევა და კვალიფიციური მკურნალობა. პაციენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა და საეჭვო ნიშნების შემთხვევაში, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან სპეციალიზებულ კლინიკას.

საშვლოსნოს ყელზე პათოლოგიური ცვლილებების გამოსავლენად საქართველოში ტარდება საშვლოსნოს ყელის ნაცხის სკრინინგული გამოკვლევები 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებში (სკრინინგ ცენტრის ვებ-მისამართია http://gnsc.ge/?lang=ge).

პროსტატის ადენომის  შემთხვევაში, პროსტატის კიბოს გამოსარიცხად, სკრინინგ ცენტრში ტარდება პროსტატის სკრინინგული გამოკვლევები  50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებში.

 



[i] DISEASE AND INJURY REGIONAL MORTALITY ESTIMATES, 2000-2011, Global summary estimates

[ii] http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx

[iii] http://www.patient.co.uk/health/genito-urinary-kidney-1250

[iv] http://www.mkurnali.ge/mamakaci/2768-vis-da-ratom-emartheba-shardsasqeso-sistemis-daavadebebi.html

[v] http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=139

[vi] http://geosexmd.com/2011/11/17

[vii] http://www.medgeo.net/2009/12/25