ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კონფერენციას - „იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის 2015 წლის შედეგები: ანალიზი და მდგრადობა“ უმასპინძლა 21.04.2016

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აგრძელებს პარტნიორობას საბინის ვაქცინის ინსტიტუტთან იმუნიზაციის პროგრამის მდგრადობის ხელშეწყობისათვის და 21 აპრილს დაინტერესებულ მხარეებს სახელმწიფო, საერთაშორისო, არასამთავრობო და პირველადი ჯანდაცვის სექტორებიდან, იწვევს 2015 წლის იმუნიზაციის პროგრამის შედეგების განხილვის, ასევე მომავლის გამოწვევებსა და განვითარების ალტერნატივებზე მსჯელობისათვის. საქართველოს პარლამენტი ეხმიანება იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, რომელიც მიმდინარე წლის 25 აპრილიდან იწყება და ეძღვნება იმუნიზაციაში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ხელს უწყობს იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილე მხარეების ინფორმირებულობას და ჩართულობას. ვაქცინაციის საშუალებით მსოფლიოში ყოველწლიურად მართვადი ინფექციებით გარდაცვალების 3 მილიონამდე შემთხვევაა თავიდან აცილებული. იმუნიზაციის შედეგად საქართველომ დაამარცხა პოლიომიელიტი და მნიშვნელოვნად შეამცირა სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები, თუმცა არსებობს გამოწვევები ახალი ვაქცინების და ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე 2015-2020 წლების ვაქცინაციის ევროპული სამოქმედო გეგმის მიზნების მისაღწევად. საქართველოში იმუნიზაცია ჯანდაცვის პრიორიტეტია, სადაც სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის თავის კონტრიბუციას და უზრუნველყოფს ხარისხიან ვაქცინებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. 2013-2015 წლებში საქართველოს იმუნიზაციის პროგრამის ამოცანები გაფართოვდა და დაინერგა ახალი ვაქცინები. 2015 წელს რუტინულ ვაქცინებზე სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები, 2012 წელთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. გაზრდილ ვალდებულებებთან ერთად იმატებს პროგრამით მიღწეული შედეგებისადმი ინტერესი და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობა.

 

იხილეთ ფოტოალბომი