25 აპრილი მალარიის მსოფლიო დღეა

ევროპაში ბოლო 20  წელიწადში მალარიის შემთხვევები 90000-დან, ნულამდე შემცირდა. ევროპის რეგიონი თავისუფალია ადგილობრივი მალარიისგან.

ევროპა არის მსოფლიოში პირველი რეგიონი, სადაც განხორციელდა მალარიის ადგილობრივი გადაცემის შეჩერება. 1995 წ. ევროპაში რეგისტრირებული იყო 90712 ადგილობრივი მალარიის შემთხვევა, ხოლო უკვე  2015 წელს არც ერთი ადგილობრივი მალარიის შემთხვევა აღარ აღრიცხულა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 20 აპრილის განცხადებაში, რომელიც მიეძღვნა 2016  წლის მალარიის მსოფლიო დღეს, 25 აპრილს,  ნათქვამია: ევროპამ მიაღწია 2015 წლისთვის დასახულ მიზანს, რითაც ხელი შეუწყო გლობალური გეგმის ,,საბოლოოდ დავამარცხოთ მალარია“  განხორციელების რეალობას. ევროპის რეგიონის ქვეყნებთან ერთად, ადგილობრივი მალარიისგან გათავისუფლებაში, საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველომაც, სადაც 21-ე საუკუნის პირველ წლებში მალარიის ეპიდემიის ფონზე და მის სალიკვიდაციოდ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო/ანტიმალარიული ღონისძიებების შედეგად ადგილობრივი მალარიის შემთხვევები 2010 წლის შემდეგ აღარ აღრიცხულა.

 

  

2011 წელს, საქართველოში იმპორტირებული იყო P.vivax -ით გამოწვეული 6 შემთხვევა. მათ შორის 2 ავღანეთიდან   3 აფრიკიდან და 1 მეორადი შემოტანილისაგან.

2012 წელს 5 შემთხვევა,  მათ შორის 1 ე.წ. მეორადი შემოტანილისაგან (P.vivax), შემოტანილი - 1 (P.vivax ინდოეთიდან) და 3 შემთხვევა აფრიკიდან (ტროპიკული).

2013 წელს, საქართველოში რეგისტრირებული იყო 7 შემოტანილი მალარია - 1 (P.vivax) და 6 (ტროპიკული). ყველა აფრიკიდან.

2014 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო ტროპიკული მალარიის 5 შემოტანილი შემთხვევა. ყველა აფრიკიდან.

2015 წელს, საქართველოში რეგისტრირებული იყო 5 შემთხვევა: ერთი ტროპიკული მალარიის ნოზოკომიური შემთხვევა 4 შემოტანილი შემთხვევა. ერთი შემთხვევა დაგვიანებული მიმართვის გამო ლეტალურად დასრულდა.

მალარიის დაწყების პირველი ნიშნებია: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტკივილი გულმკერდის არეში, ზურგში, სახსრებში, მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება.

ტიპიური მალარიული შეტევა მოიცავს სამ სტადიას: პირველი სტადია არის შემცივნება. იწყება მოულოდნელად ძლიერი შემცივნების შეგრძნებით. ავადმყოფი კბილს-კბილზე „აცემინებს“,  მისი კანი არის  მშრალი, (ე.წ. “ბატის კანი”) ციანოზური ელფერით.  შემცივნების სტადია გრძელდება 15-30 წუთი და გადადის ცხელების სტადიაში: ტემპერატურა მკვეთრად იწევს  39̊̊-41̊̊0 С,  ავადმყოფი “იწვის”, კანი ცხელი და მშრალია, სუნთქვა გახშირებულია, აქვს ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება. ცხელების სტადია მიმდინარეობს რამდენიმე საათი და გადადის პროფუზული ოფლის გამოყოფის სტადიაში: ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, იწყება გაძლიერებული ოფლდენა და ავადმყოფი სწრაფად იძინებს. გამოღვიძების შემდეგ ავადმყოფი თავს გრძნობს ჯანმრთელად და სურვილი აქვს ადგეს საწოლიდან. მთლიანობაში მალარიული შეტევა გრძელდება 4-6 საათი, რომელსაც ცვლის  40-60 საათიანი შესვენება შემდგომ მალარიულ შეტევამდე.

მალარიის დიაგნოზი ისმევა, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგად და ესაჭიროება სპეციფიკური მკურნალობა.

მალარია ინფექციური დაავადებაა, რომელიც ავადმყოფი ადამიანისაგან ჯანმრთელზე გადადის კოღოს კბენის შედეგად.

მალარიაზე ენდემურ კერებში საჭიროა თავი დაიცვათ კოღოს კბენისაგან. მალარიის გადამტანი კოღოები ადამიანს თავს ესხმიან ძირითადად საღამოსა და ღამის პერიოდში, ამიტომ იმ შენობებში, სადაც ადამიანებს უწევთ ღამის თევა,  კოღოების შემოფრენის აღკვეთის მიზნით კარები და ფანჯრები იფარება ბადეებით, ოთახებში შემოფრენილი კოღოების განადგურება ხდება ინსექტიციდური აეროზოლებით. შესაძლებელია გამოიყენოთ ელექტრო ფუმიგატორი. საწოლზე უნდა ჩამოაფაროთ ე.წ. სამუმლე, რომლის კიდეები მჭიდროდ უნდა ამოუგოთ ლეიბს. ამავე დროს სამუმლე სასურველია გაჟღენთილი იყოს რეპელენტით ან სინთეზური პირეტროიდებით (მაგალითად პერმეტრინით).

რეპელენტები აუცილებალად უნდა შეიცავდეს DEET (N, N-დიეთილ-3-მეტილბენზამიდი), IR3535 (3-[N-აცეტილ-N-ბუთილ]-ეთილის ეთერის ამინოპროპიონის მჟავა) ან იკარიდინი (1-პიპეკოლონის მჟავა, 2-(2-ჰიდროქსიეთილი)-1-მეთილპროპილის მჟავა). რეპელენტები არსებობს მალამოების, ლოსიონების და ემულსიების სახით. რეპელენტების წასმა/დასხურება ხდება სხეულის ტანსაცმლისგან დაუფარავ ნაწილებზე თხელი ფენით, შეზელვის გარეშე. ერთჯერადი დამუშავებისათვის იყენებენ 5-10 მლ სითხეს ან 3-5 გრ მალამოს. გამაფრქვეველ ბალონში მოთავსებულ რეპელენტს ჯერ ხელის გულზე გააფრქვევენ და შემდგომ ამ ხელით წაისმევენ სხეულის სხვა ღია ადგილებზე. რეპელენტების ერთჯერადი გამოყენება საშუალებას იძლევა კოღოს თავდასხმისაგან თავი დაიცვათ 2-5 საათის განმავლობაში.

იმ ტერიტორიებზე სადაც მალარია მასიურადაა გავრცელებული, საჭიროა ჩატარდეს  ქიმიაპროფილაქტიკაც, მისი აუცილებელი პირობაა პრეპარატის რეგულარული მიღება და სქემის ზედმიწევნით სიზუსტით დაცვა. 

ქიმიაპროფილაქტიკის საშუალებების შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მოცემული ქვეყნის კონკრეტულ ტერიტორიაზე რა ფორმის მალარიაა გავრცელებული.

მალარიის 5 ფორმიდან ყველაზე გავრცელებულია ტროპიკული და სამდღიური მალარია. მაგალითად, ავღანეთში გავრცელებული მალარიის შემთხვევათა 80% მოდის სამდღიურ მალარიაზე, ხოლო 20% ტროპიკულზე. აფრიკის კონტინენტზე საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე ქვეყნებში შემთხვევების თითქმის 100% ტროპიკულ მალარიაზე მოდის.

პროფილაქტიკისთვის პირველი რიგის პრეპარატებად მიჩნეულია  ატოვაქვონი/პროგუანილი (მალარონი) -Atovaquone/proguanil (Malarone) და დოქსიციკლინი (Doxycycline). ეს პრეპარატები, როგორც ძირითადი საპროფილაქტიკო საშუალება გამოიყენება ყველგან, გარდა აფრიკაში საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებისა. კომბინირებული პრეპარატის ატოვაქვონი/პროგუანილი 250 მგ/100მგ (მალარონი) მიღება ხდება ყოველდღიურად, დღეში ერთხელ ერთი აბის ოდენობით, ხოლო  დოქსიციკლინი ერთჯერადად 100 მგ დოზით დღეღამის განმავლობაში ერთხელ.

მეორე რიგის პრეპარატია მეფლოხინი/ლარიამი (Mefloquine/Lariam), ხოლო აფრიკის საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნებისთვის, ის პირველი რიგის პრეპარატია. თუმცა ამ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მას ბევრი გვერდითი მოვლენა ახასიათებს. ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის, ავიატორებისა და მყვინთავებისთვის ამ პრეპარატის მიღება აკრძალულია. ადამიანთა მცირე რაოდენობას ამ პრეპარატის მიმართ აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები.

საერთო ჯამში პრეპარატის მიღების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4-6 თვეს.

მეფლოხინით ქიმიაპროფილაქტიკა საჭიროა დაწყებულ იქნას 2 კვირით ადრე მალარიით დაავადების რისკის ზონაში მოხვედრამდე  და გაგრძელდეს ამ ზონაში ყოფნის მთელი ხნის განმავლობაში, ასევე 4 კვირის განმავლობაში ამ ზონიდან გამოსვლის შემდეგ. წამალი მიიღება კვირაში ერთხელ (მიღების დოზა 250 მგ) მკაცრად განსაზღვრულ დროს. სქემის დარღვევა ქიმიაპროფილაქტიკას ხდის არაეფექტურს, მეტიც თუ პირი გახდა მალარიით ავად, ქიმიაპროფილაქტიკის დარღვეული სქემის შედეგად მალარიის კლინიკური ნიშანები წაშლილია და დიაგნოზის დასმა ძალზე გართულებული.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარების მიუხედავად, მაინც შესაძლებელია დაავადდეთ მალარიით. ამიტომ, მალარიაზე ენდემური ქვეყნებიდან ჩამოსვლის 2 წლის განმავლობაში, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში აუცილებლად შეახსენეთ მკურნალ ექიმს თქვენი ამ ქვეყნებში  ყოფნის შესახებ, რათა გამოირიცხოს მალარია.

გახსოვდეთ, რაც უფრო ზუსტად შეასრულებთ რჩევებს, მით უფრო ნაკლებად დაავადდებით მალარიით.       

ლიტერატურა:

1.wwwnc.cdc.gov/travel/yellowbook/2012/chapter-8-advising-travelers-with-specific-needs/special-considerations-for-us-military-deployments.htm

2. Navy Medical Department Pocket Guide to Malaria Prevention and Control 2007

3. International travel and health Situation as on 1 January 2010. WHO

4. www.who.int/entity/life-course/news/events/2016-world-malaria-day/en/

5. www.euro.who.int/ru/media-centre/sections/press-releases/2016/04/from-over-90-000-cases-to-zero-in-two-decades-the-european-region-is-malaria-free