რომელი დაავადებები ექვემდებარებიან ვაქცინაციას?

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იმუნიზაციის პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინებით და შრატებით უზრუნველყოფა და აცრა–ვიზიტების მომსახურება არ ითვალისწინებს მოსარგებლეთა მხრიდან თანაგადახდას. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული  10 ვაქცინის (BCG, Hep B (მონო), DPT-Hib-HepB-IPV, DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota, PCV) შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია.