სამედიცინო ბიოდაცვის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონფერენცია

26-29 აპრილი, 2016 წელი, მიუნხენი

2016 წლის 26-29 აპრილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქ.მიუნხენში  ჩატარდა სამედიცინო ბიოდაცვის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 50 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დელეგაციამ. მათ მიერ კონფერენციაზე წარდგენილი იყო შვიდი სასტენდო და ერთი ზეპირი მოხსენება. 

2013 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და  გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს შორის მიმდინარეობს ერთობლივი სამწლიანი პროექტი “ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკური ქსელის შექმნა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში”, რომელიც არის ნაწილი პროექტისა „ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამა“ რომელიც თავის მხრივ არის პროექტის „გლობალური ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭრა“ ნაწილი. პროექტი ფოკუსირდება ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა: ბიოუსაფრთხოება და ბიოდაცვა, ბიოუსაფრთხოების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ჯანმრთელობის უსაფრთხოების მართვის ქსელის შექმნა, განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა დეტექცია და დიაგნოსტიკა, ეპიდზედამხედველობა. 

კონფერენციის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი შეხვდა „ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გერმანიის პარტნიორული პროგრამის“ დირექტორს ქალბატონ რუთ სურკაუს, რომელიც, ასევე, წარმოადგენს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კონტროლის, განიარაღებისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის განყოფილების უფროსის მოადგილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტისა და პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესახებ. ასევე, გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები საქართველოს წარმომადგენლებსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს (ბუნდესვერი) სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ხელმძღვანელ  პროფესორ ლოთარ ცოლერსა და სამედიცინო ბიოდაცვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დოქტორ რომან ვოლფელთან.

 

იხილეთ ფოტოალბომი