5 მაისი - ბებიაქალთა საერთაშორისო დღე

ბებიაქალთა საერთაშორისო დღე 1991 წლიდან  ყოველი წლის 5 მაისს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ბებიაქალთა საქმიანობის მნიშვნელობაზე. ბებიაქალებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით,  ბებიაქალის ფუნქციებში შედის მომავალი დედების მოვლა ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ასევე ახალშობილების მეთვალყურეობა.

2016 წლის ბებიაქალთა საერთაშორისო დღის თემაა: „ბებიაქალების მთავარი საზრუნავი  - ქალები და ახალშობილები“.

ძირითადი გზავნილები :

  • ბებიაქალები ხელს უწყობენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებას;
  • ბებიაქალები უზრუნველყოფენ დედათა და ბავშვთა  ჯანმრთელობას;
  • ბებიაქალებს, რომელთაც აქვთ საჭირო განათლება და მათი კვალიფიკაცია შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, შეუძლიათ 87%-ით გააუმჯობესონ დედათა და ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
  • 1990 წლიდან ორსულ ქალების სიკვდილიანობის 3%-ით შემცირება განპირობებული  იყო კვალიფიციური ბებიაქალთა მომსახურების მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდით;
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბებიაქალთა განათლებასა და უნარ-ჩვევების ამაღლებაში განხორციელებული ინვესტიციით მილიონობით სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ბებიაქალთა  მეთვალყურეობის შედეგად შემცირდა ნაადრევი მშობიარობის რიცხვი, აბორტების რაოდენობა და საავადმყოფოში დაყოვნების დრო. მეორეს მხრივ, გაიზარდა შობადობის, კონტრაცეპტივების გამოყენებისა და  ექსკლუზიური ძუძუთი კვების მაჩვენებელი.აღნიშნული დადებითი მონაცემები და ტენდენციები ამტკიცებს ბებიაქალთა მნიშნველოვან როლს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში.

წყარო:

http://www.internationalmidwives.org/events/idotm/

http://www.who.int/topics/midwifery/en/

http://www.who.int/maternal_child_adolescent/news_events/events/2014/midwifery_infographic.pdf?ua=1