პრესკონფერენცია - შავიზღვისპირა ზოლში სადეზინსექციო სამუშაოები იწყება 06.05.2016

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები იგეგმება. ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგანტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია დაესწრნენ.

საქართველოში გვიანი გაზაფხულიდან აქტიურდება და შუა შემოდგომამდე გრძლდება დაავადებათა გადამტანი კოღოების გამრავლება. სწორედ ამიტომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები სადეზინსექციო სამუშაოებს მაის-ივნისსა და აგვისტო-სექტემბერში განახორციელებენ. 

გადამტანების პოპულაციის დეზინსექციით კონტროლი - მრავალმხრივი ღონისძიებების ერთიანობაა, რომელიც მოიცავს ღია და დახურული სივრცეების დამუშავაებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც არის ადამიანისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და კოღოების გამრავლების სხავდასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით - მაქსიმალურად ეფექტური.

აღნიშნული უწყებების მიერ შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობს შავიზღვისპირა საკურორტო ზონის უსფრთხოების უზრუნველყოფას - ანაკლიიდან სარფამდე.

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ განხორციელდება შენობების შიდა დამუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო სილფუტრინის ჯგუფის ინსექტიციდით, რომლის ნარჩენი მოქმედების მინიმალური ვადა 3 თვეა და ორჯერადი დამუშავებით დაიფარება დაავადებების ტრანსმისიის მთლიანი სეზონი, რაც საქართველოსთვის შეადგენს 6-7 თვეს.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ძალებით განახორციელედება კოღოების გამოჩეკის ადგილების - წყალსატევებისა და ტყისპირა ზოლების დამუშავება. ღია სივრცეების დამუშავება მოხდება „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ხოლო წყალსატევების - საქართველოსთვის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოლოგიური პრეპარატით (bacillus thuringiensis var.israelensis).

ამგვარად, 2016 წელს საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო ზოლში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ  ორჯერადად დამუშავდება  3 500 000 მ2 შენობების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი)  ფართობი, რაც ჯამში შეადგენს 7 000 000 მ2. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კი დამუშავდება 2000 ჰექტარი (1000 ჰექტარი წყალსატევების ზედაპირი, 1000 ჰექატრი ღია სივრცე) ფართობი.

ამჟამად არსებობს სრული მზადყოფნა ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების საწინააღმდეგო ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

 

იხილეთ ფოტოალბომი