შეხვედრა აშშ სმენის შეფასებისა და მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორთან 10.05.2016

2016 წლის 10 მაისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა აშშ სმენის შეფასებისა და მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორთან ბატონ კარლ ვაითთან (რომელიც ითვლება აშშ-ში ახალშობილებში სმენის სკრინინგის ფუძემდებელად), რომლებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში უზრუნველყოფენ ოთხი თანამედროვე აპარატის ცენტრისთვის გადმოცემას და შერჩეული ოთხი სამშობიარო სახლის სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარებას აპარატურის მოხმარების უნარ-ჩვევების თაობაზე. 11-15 მაისს დაგეგმილი ტრენინგები მოიცავს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: სს "რუსთავის სამშობიარო სახლი", შპს "სიხარული" - თელავის სამშობიარო სახლი, სს „იავნანა“ (გორი) და შპს ,,ჯ. გოგიაშვილის კლინიკა" (გორი).

ახალშობილებში სმენის დარღვევების დროული დიაგნოსტიკის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის კომპონენტის ფარგლებში, ახორციელებს ქ. თბილისის სამშობიარო სახლებში დაბადებული ყველა ახალშობილის სმენის სკრინინგულ გამოკვლევას (წლიურად დაახლოებით 23-24 ათასი ახალშობილი), ხოლო იმ ბავშვებს, რომლებსაც პირველადი სკრინინგით უდგინდებათ სმენის ესა თუ ის დარღვევა, უტარდებათ ჩაღრმავებული კვლევები სპეციალიზებულ დაწესებულებაში (შპს „აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი“).

ცენტრის ძალისხმევით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Managmenet“-თან მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება ახალშობილთა პირველადი სკრინინგის გეოგრაფიული არეალის გაფართოების მიზნით 4 ერთეული სამედიცინო მოწყობილობის საქართველოსათვის უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე. კერძოდ,  აღნიშნული აპარატების გამოყენებით, მიმდინარე კვირის ბოლოდან პილოტურად რუსთავის, გორისა და თელავის სამშობიარო სახლებში დაიწყება იქ დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგი.