მსოფლიო თამბაქოს გარეშე 31.05.2016

2016 წლის 31 მაისს სასტუმრო „თბილისი რუმსში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართა  „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია სლოგანით

მსოფლიო თამბაქოს გარეშე - მოვემზადოთ სადა შეფუთვისათვის

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება ტარდება პროექტის „ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილულ იქნა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსი და აღნიშნული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტი.

ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ  დღეს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“, რომლის მიზანია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის რისკებზე ფოკუსირება და ეფექტური პოლიტიკის დანერგვის ადვოკატირება თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად.

2016 წელს, ჯანმო და ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნო წევრ ქვეყნებს  მოუწოდებენ მოემზადონ თამბაქოს პროდუქტების სადა (სტანდარტიზებული) შეფუთვისათვის.

სადა შეფუთვა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად,  რადგან ის ამცირებს თამბაქოს პროდუქტების მიმზიდველობას, ზღუდავს თამბაქოს შეფუთვის საშუალებით პროდუქციის რეკლამირებას და პროპაგანდას, ამცირებს აქცენტს შეცდომაში შემყვან მარკირებაზე და ზრდის გამაფრთხილებელი პიქტოგრამების ეფექტს.

სადა შეფუთვა ზღუდავს ან კრძალავს კოლოფზე ლოგოტიპის, ფერების, ბრენდის ან სარეკლამო ინფორმაციის განთავსებას და გულისხმობს ბრენდის და პროდუქციის სახელწოდების გამოსახულებას სტანდარტული ფერითა და გარნიტურით. 

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მე-11 და მე-13 მუხლის განხორციელების გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ წევრ ქვეყნებს განიხილონ სადა შეფუთვის დანერგვის შესაძლებლობები.

სადა შეფუთვა წარმოადგენს თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მულტისექტორული მიდგომის მნიშვნელოვან ნაწილს. პოლიტიკის შემქმნელებს, სამოქალაქო სექტორსა და საზოგადოებას შეუძლიათ დაარწმუნონ მთავრობები განიხილონ სადა შეფუთვის დანერგვის შესაძლებლობები.   

ფაქტები სადა შეფუთვის შესახებ:

♦ სადა შეფუთვისადმი  ინტერესი მატულობს მსოფლიოს მასშტაბით;

♦ 2012 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სრულად განახორციელა  სადა შეფუთვა;

♦ 2015 წელს, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და საფრანგეთში მიიღეს კანონები და 2016 წლის მაისიდან აღნიშნულ ქვეყნებში დაინერგა სადა შეფუთვა;

♦ ბევრი ქვეყანა ემზადება შესაბამისი კანონების მისაღებად სადა შეფუთვაზე გადასასვლელად.  

 2016 წლის კამპანიის მიზნებია:

♦ ხაზი გაესვას სადა შეფუთვის მნიშვნელობას, როგორც თამბაქოს კონტროლის მულტისექტორული ღონისძიებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას;

♦ წევრ ქვეყნებში სადა შეფუთვის დასანერგად შესაბამისი პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა ინფორმატიული  და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებით.

♦ წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რათა გარდამავალ პერიოდში, სადა შეფუთვაზე გადასასვლამდე, გაძლიერდეს შეფუთვისა და მარკირების, ასევე  რეკლამირების, პროპაგანდისა და სპონსორობის ამკრძალავი ღონისძიებები.   

♦ წევრი ქვეყნებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რათა სადა შეფუთვის კანონების დანერგვის პოლიტიკურ პროცესებში გამოირიცხოს თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა.

    http://www.who.int/campaigns/no-tobacco-day/2016/event/en/

 

იხილეთ ფოტოალბომი