საქართველოს პარლამენტში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქართველო-აშშ ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავების“ თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ინიციატივით და „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქართველო-აშშ ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავების“ თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის (ფოკუსი - აივ/შიდსი და სხვა ინფექციები) სადოქტორო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შესაძლებლობების შექმნაზე იმსჯელეს. პროგრამის დონორია აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი.

„ძნელია, გადაჭარბებით ისაუბრო ამ სფეროში ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე, იმიტომ, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რომ ეფექტური იყოს ინფექციების - ამ სერიოზული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც დღეს არსებობს კაცობრიობის წინაშე, მათ შორის, საქართველოში, საჭიროა, ჩვენი პარტნიორების დახმარებით, გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრძოლა ამ მიმართულებით“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა. 
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის თქმით კი, განათლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ხოლო საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების თანამშრომლობის გაღრმავებას საზღვარგარეთულ სამეცნიერო ცენტრებთან. მისივე შეფასებით, ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავება მედიცინის დარგში, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ივანე კიღურაძემ ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ საგრანტო პროგრამებსა და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრა ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტის ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის პროფერსორმა, ჯეკ დეჰოვიცმა.

„მიზანია, მომზადდეს მეცნიერთა მომავალი თაობა, რომელიც აივ ინფექციის შემცირებისთვის საჭირო ინტერვენციებზე და უკვე აივ ინფიცირებულთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იმუშავებს“, -განმარტა ჯეკ დეჰოვიცმა.

აშშ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის ახლადმიღებულ გრანტსა და გრანტის ფარგლებში თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრა ორგანიზაციის - „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ჯიბუტმა. მისი თქმით, გრანტი საშუალებას იძლევა, ამ პროგრამაში ერთი დაწესებულების ნაცვლად, რამდენიმე უნივერსიტეტმა ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ მიიღოს მონაწილეობა. მამუკა ჯიბუტმა ამ პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „სახეზე გვაქვს აივ ინფექციის კონცენტრირებული ეპიდემია და არსებობს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, რომ ეს ეპიდემია მზარდია მაღალი რისკის ჯგუფებში, ანუ ამ მხრივაც გამართლებულია ასეთი პროგრამის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში და ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომ გრანტი მივიღეთ. საჭიროა, საკვანძო, მაღალი რისკის ჯგუფებში, მიზნობრივი, ეპიდემიოლოგიური, ქცევითი და ჯანდაცვის პოლიტიკის სერვისებისა და კვლევების ჩატარება იმ მიზნით, რომ მოხდეს საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი საფუძველი მომზადდეს“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მისი ინფორმაციით, საუბარია ორ სადოქტორო პროგრამაზე - ფილოსოფიის დოქტორი ეპიდემიოლოგიაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტში. როგორც მამუკა ჯიბუტმა აღნიშნა, ეს პროგრამები ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში განხორციელებული პროგრამების ანალოგია. მისი თქმით, გრანტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტები, შეფასდება საჭიროებები და უკვე არსებული სამაგისტრო პროგრამები. კანდიდატი დოქტორანტები კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან.

„პირველი ნაკადი შერჩეული დოქტორანტებისა, ერთწლიან მომზადებას ოლბანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში გაივლიან. შემდეგ-ინტერნატურას ნიუ იორკის შტატის შიდსის ინსტიტუტში, რის შემდეგაც დაბრუნდებიან საქართველოში და აქ დაასრულებენ სამეცნიერო ნაშრომებზე მუშაობას. ამ პროგრამის ბოლოს უნდა მივიღოთ მდგრადი სადოქტორო პროგრამები, რომლებიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას“, - განაცხადა მამუკა ჯიბუტმა. მისივე თქმით, არსებობს ამ პროგრამაში რეგიონებში არსებული ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ჩართვის პოტენციალიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის, ზვიად კირტავას განცხადებით, საკითხის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარეც. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც, ინფექციური პათოლოგიები წარმოადგენს დიდ საშიშროებას. გასათვალისწინებელია, რომ ახალი ინფექციების აღმოჩენას და ძველი ინფექციების უკან დაბრუნებას, დაემატა უფრო დიდი პრობლემა-ანტიბიოტიკებისადმი მზარდი რეზისტენტობა. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრევენციული პროგრამების სწორად შემუშავებას. ამ მხრივ, აღნიშნული პროგრამა საქართველოსთვის არის უმაღლესი რანგის პრიორიტეტი და ამავე დროს, ძალიან დროული“, - აღნიშნა ზვიად კირტავამ.

სამუშაო შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც. დამსწრეებმა საკანონმდებლო და რეგულატორულ საკითხებზე იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.