ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია 07.06.2016

დღეს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი მიღწევები და საქართველოში End-TB სტრატეგიის ამოცანების შესრულების პერსპექტივები განიხილეს.

კონფერენციაზე სიტყვით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიაც გამოვიდა.

2011 წლიდან დღემდე განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გაძლიერების, შემთხვევების მართვის ინოვაციური მიდგომების დანერგვისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით. პროექტის ფარგლებში განხორციელდა 18 საგრანტო პროგრამა, რომლებიც მიმართული იყო ტუბერკულოზის შემთხვევების ადრეული გამოვლენისა და პაციენტების მკურნალობაში ჩასართავად დათანხმებისკენ.

ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომია ახალი ტუბ საწინააღმდეგო მედიკამენტი- ბედაქინილი. დღეის მდგომარეობით ამ მედიკამენტით მკურნალობს 166 პაციენტი, რაც ტუბერკულოზის განსაკუთრებით მძიმე ფორმების განკურნების საშუალებას მოგვცემს. 

კონფერენციას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები და ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

იხილეთ ფოტოალბომი