სისხლის დონორის მსოფლიო დღე 15.06.2016

2016 წლის 15 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ქ.თბილისის და ქ.რუსთავის მერიის წარმომადგენლები. ასევე, სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები და ის სამთავრობო და არასამთვრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდამჭერ კამპანიაში. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 ივნისს, ყოველწლიურად, აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე. ამ დღეს საქართველოც უერთდება. 2016 წლის კამპანიის თემაა 

სისხლი ყველას გვაერთანებს 

და მისი მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ უანგარო დონორების მიმართ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს. ამ დღის აღნიშვნა ასევე  მიზნად ისახავს უანგარო, რეგულარული დონორობის მნიშვნელობის ხაზგასმას და მოუწოდებს  ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო, რეგულარული დონორები. 

2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.

პროგრამით გათვლისწინებული მომსახურება მოიცავს დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსა და ათაშანგზე; ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფას; უანგარო დონორების მხარდაჭერის და მოზიდვის კამპანიას; დონორთა ერთიანი ბაზის ფუნქციონირების ხელშეწყობას. 2016 წლის უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს 12 სისხლის ბანკი. 2015 წელს სისხლის ბანკებში განხორციელდა 68,398 დონაცია, მათ შორის 25% - უანგარო დონაცია, 15% - ნათესავი, 60% - ფასიანი დონაცია. 2011 წლიდან დღემდე უანგარო დონაციათა რაოდენობა 3-5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

დონორებსა და წარმატებულ ორგანიზაციებს სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისათვის ღონისძიებაზე გადაეცემათ სპეციალური სიგელი.

თქვენც შემოგვიერთდით 

გაიღე სისხლი, გადაურჩინე სიცოცხლე! 

 

იხილეთ ფოტოალბომი

 

სისხლის დონორის მსოფლიო დღე

 

 

 

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა! 

მნიშვნელოვანი ფაქტები სისხლის დონაციის შესახებ: 

სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის. 

• ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.

•  სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, ორგანოების გადანერგვის დროს.

•  დონორული სისხლის ყოველი ერთეულიდან მზადდება 3 კომპონენტი - ერითროციტული მასა, პლაზმა და თრომბოციტული მასა, რაც ნიშნავს, რომ ერთი დონორის სისხლი შეიძლება გამოყენებული იქნას 3 სხვადასხვა პაციენტისათვის.

• ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით შეიძლება იხსნათ სამი ადამიანის სიცოცხლე.

• სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ უმძიმეს პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.

• სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.

• სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.

• სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.

• სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.

• დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.

• სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან. 

 

• იცით, რომ სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე?

• თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.

• ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.

 

 

გახდი დონორი, გიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე!

 

დარეკეთ ცხელ ხაზზე: 15-05 ან 255-39-39; ეწვიეთ:  www.ncdc.donori.gehttps://www.facebook.com/gaxdidonori