ებოლას ვირუსული დაავადება

 

 

ძირითადი ფაქტები:

  • ებოლას ვირუსული დაავaდება (ევდ), აგრეთვე ცნობილი, როგორც ებოლას ჰემორაგიული ცხელება, მძიმე მიმდინარე და ადამიანებში, ხშირად ლეტალური გამოსავლით მიმდინარე დაავადებაა;
  • ებოლას ვირუსული დაავადება ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფს მიეკუთვნება. აღნიშნულ ინფექციას იწვევს ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახს, ებოლავირუსების გვარს;
  • ებოლას ვირუსული დაავადების შემთხვევათა 90%–მდე ლეტალური გამოსავლით მთავრდება;
  • ებოლას ვირუსული დაავადების ეპიდაფეთქებები ძირითადად ვითარდება ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის რეგიონებში, ტროპიკულ ტყეებთან ახლოს მდებარე სოფლებში;
  • ადამიანები ინფიცირდებიან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, დაავადების გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან და სისხლის კომპონენტებთან კონტაქტით;
  • ებოლას გადამტანებად მიიჩნევიან პტეროპოდილის ოჯახის წარმომადგენელი ღამურები;
  • ამ დროისათვის არ არსებობს საერთაშორისო ლიცენზიის მქონე სპეციალური მკურნალობა ან ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩენილ იქნა 1976 წელს კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან. დაავადება ენდემურია აფრიკის ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში (კონგო, გაბონი, სუდანი, სპილოს ძვლის სანაპირო, უგანდა).

 

ვირუსის გადაცემის გზები

ადამიანის ინფიცირება ებოლას ვირუსით ხდება დაავადებული ცხოველების სისხლთან, ორგანოებთან და სხვა ორგანულ სითხეებთან კონტაქტის შედეგად. აფრიკაში არსებობს დაავადებული შიმპანზეებისგან, გორილებისგან, ღამურების, სხვა მაიმუნებისა და ტყის ანტილოპებისაგან ვირუსის ადამიანზე გადაცემის დოკუმენტალურად დამტკიცებული შემთხვევები.

ებოლას შემდგომი გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ხდება ეგრეთ წოდებული პირდაპირი გზით, ანუ დაავადებული ადამიანის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან კონტაქტის შედეგად, ან არაპირდაპირი გზით - დაბინძურებულ გარემოსთან კონტაქტის შედეგად. ვირუსის გავრცელებაში აგრეთვე დიდ როლს თამაშობს გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის პროცესიები, როცა ადამიანებს აქვთ პირდაპირი კონტაქტი გარდაცვლილის გვამთან.

 

ებოლას ვირუსული დაავადების სიმპტომები

ებოლას ვირუსული დაავადების ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება: ცხელება, ძლიერი ტკივილი კუნთებში, ზოგადი სისუსტე, ინტენსიური თავისა და ყელის ტკივილი. შემდგომ ვითარდება ინტენსიური პირღებინება, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მოშლა და, ზოგ შემთხვევებში, როგორც შინაგანი, ასევე გარე სისხლდენა.

სიმპტომები ინფიცირებიდან 2–დან 21 დღემდე ვითარდება.

 

ებოლას ვირუსული დაავადების დიაგნოსტიკა

ებოლას ვირუსული დაავადების დიაგნოზის დასმა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლის გამოკვლევით პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციით (PCR), ვირუსის გამოყოფით, და ენზიმ–დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA).

ებოლას ვირუსული დაავადების დიაგნოზის დადასტურებამდე აუცილებელია მოხდეს მალარიის, ტიფოიდური ცხელების, შიგელოზის, ქოლერის, ლეპტოსპიროზის, მენინგიტის, ჰეპატიტის და სხვა ჰემორაგიული ცხელებების გამორიცხვა.

 

ვაქცინაცია და მკურნალობა

ამ მომენტისათვის არ არსებობს ებოლას ვირუსული დაავადების საწინაღმდეგო ლიცენზირებული ვაქცინა, თუმცა რამოდენიმე ვაქცინა კლინიკური ცდების ფაზაშია.

დაავადების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მოწოდებულია დამხმარე თერაპიის ჩატარება.

 

დამატებითი ინფორმაცია ებოლას ვირუსული დაავადების შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჯანმოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე:

  1. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs103/en/
  2. http://www.who.int/csr/disease/ebola/en/