timepress.net-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ე.წ „ჩაგას დაავადებას“ და მის გადამტანს - ე.წ. „სამატომურ ბაღლინჯოს“ გაცნობებთ

ჩაგასის (იგივე შაგასის ICD 10 - B 57) და არა ჩაგას დაავადება გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინეტის ქვეყნებში და სამედიცინო სფეროსთვის 1909 წლიდანაა ცნობილი. დაავადებას სახელი ეწოდა დაავადების შემსწავლელი და ცალკე ნოზოლოგიად გამომყოფი ბრაზილიელი ექიმის კარლუს რიბეირუ ჟუსტინიანუ შაგასის პატივსაცემად. დაავადება ასევე ცნობილია ამერიკული ტრიპანოსომოზის სახელითაც.

  • ჩაგასის დაავადების გამომწვევი Tripanosoma cruzy-ით მსოფლიოში, უმთავრესად ლათინურ ამერიკაში ინფიცირებულია დაახლოებით 6-7 მილიონი ადამიანი;
  • Tripanosoma cruzy-ის მტარებელი ტრიატომინის სახეობის ბაღლინჯო გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში;
  • ჩაგასის დაავადება თავდაპირველად უკავშირდებოდა მხოლოდ ლათინურ ამერიკას, მაგრამ ამჟამად გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც;
  • Tripanosoma cruzy-ით გამოწვეული ინფექცია ექვემდებარება მკურნალობას დროულად დაწყების შემთხვევაში;
  • ანტიპარაზიტულ მკურნალობას დაავადების ქრონიკულ ფაზაში შეუძლია შეაჩეროს დაავადების პროგრესირება;
  • ქრონიკული ფორმის მქონეთა 30%-ს უვითარდება გულსისხლძაღვთა, 10%-ს საჭმლის მომნელებელ, ნერვულ ან ერთდროულად რამდენიმე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას;
  • გადამტანის კონტროლი ჩაგასის დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალებაა;
  • ბაღლინჯოების საწინააღმდეგოდ გამიყენება ინსექტიციდები.

დაავადების გამომწვევია უმარტივესი ტრიპანოსომა კრუზი - Tripanosoma cruzy, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ხვდება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული ბაღლინჯოს სახეობის ტრიატომინის კბენის შემდგომ ადამიანისგან მოქავების დროს ბაღლინჯოს ფეკალიების ნაკბევში და ან კანში შეზელვით. აღნიშნული სახეობის ბაღლინჯოები საქართველოში არ ბინადრობენ. ტრიატომინის სახეობის ბაღლინჯოები ტრიპანოსომების მტარებლები არიან და დაავადების გამომწვევს გამოყოფენ ფეკალურ მასებთან ერთად. სამხრეთ ამერიკის კონტინენტის მრავალი სახეობის ცხოველი წარმოადგენს T. Cruzi-ს რეზერვუარს. ტრიპანოსომების ცალკეული სახეობები აფრიკის კონტინენტზე იწვევენ ისეთ დაავადებას როგორიცაა ძილის დაავადება და რომლის გადამტანიც არის საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცე.

სამხრეთ ამერიკაში ჩაგასის დაავადების გადამტანი ბაღლინჯოები ცხოვრობენ შენობების ნაპრალებში. იკვებებიან ადამიანის სისხლით და ადამიანებს კანის ღია ადგილებზე კბენენ მხოლოდ ღამით. დღის განმავლობაში იმალებიან შენობების ნაპრალებში. ხშირია კბენის შემთხვევები ტუჩების არეში, რის გამოც სამხრეთ ამერიკაში ამ დაავადებას მოსახლეობა ,,კოცნის“ დაავადებასაც უწოდებს.

ჩაგასის გამომწვევი ტრიპანოსომა (T. Cruzy) ადამიანებში შესაძლოა გავრცელდეს შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის, შეუმოწმებელი ორგანოების ტრანსპლანტაციის და მშობიარობის დროს, ინფიცირებული დედისგან შვილზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე 7-8 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ბოლო პერიოდში შეინიშნება დაავადების გავრცელების ტენდენცია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ტერიტორიებზე და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან მოსახლების მიგრაციით არის განპირობებული. მხოლოდ კოლუმბიაში ჩაგასის დაავადების სამკურნალოდ ყოველწლიურად საშუალოდ იხარჯება 267 მილიონი აშშ დოლარი.

ჩაგასის დაავადება ორი სტადიით მიმდინარეობს. პირველი სტადიაა მწვავე პერიოდი და გრძელდება ინფიცირებიდან 2 თვემდე. ამ დროს სისხლში ცირკულირებს დიდი რაოდენობით პარაზიტები. როგორც წესი, მკაფიო კლინიკური სურათი გამოხატული არაა, თუმცა შეიძლება დაავადებულს აღენიშნებოდეს ცხელება, თავის ტკივილი, სიფერმკრთალე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ლიმფური ჯირკვლების შესიება. ყველაზე ხშირია ერთი ან ორივე ქუთუთოს მკაფიო ალისფერი შესიება.

დაავადების მეორე სტადიის დროს ტიპანოსომები კონცენტრირდებიან გულის კუნთსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთოვან ქსოვილებში. პაციენტებს აღენიშნებათ გულის უკმარისობა, საყლაპავისა და მსხვილი ნაწლავის ჰიპერტროფია. დაავადების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა მოხდეს გულის გაჩერება, გულის კუნთის პროგრესული დაზიანების გამო.

დაავადების სამკურნალოდ და სისხლში პარაზიტების დასახოცად გამოიყენება ბენზნიადაზოლომი და ნიფურტიმოქსი. ორივე პრეპარატით დროულად, მწვავე სტადიაში დაწყებული მკურნალობის ეფექტურობა 100%-ს აღწევს.

ჩაგასის დაავადების საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს.

პროფილაქტიკა/პრევენციის საუკეთესო მეთოდებია მოსახლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შენობების კედლებში ნაპრალების ამოლესვა, ბაღლინჯოების სხვადასხვა მეთოდებით განადგურება. ეფექტურია ინსექტიციდების გაფრქვევა ადამიანის საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში. მნიშვნელოვანია დონორის სისხლის კონტროლი პარაზიტების შემცველობაზე და ორსულ ქალთა ლაბორატორიული ტესტირება.

ვინაიდან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ცხოველებში გამომწვევი ფარდოდაა გავრცელებული, დაავადების ლიკვიდაცია პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით მისი შემცირება და მინიმიზება სრულიად რეალურია.

საფუძველი: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs340/en/