ჰეპატიტის მსოფლიო დღე

28 ივლისი, 2016 

იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე

ჰეპატიტების მსოფლიო დღის, 28 ივლისის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც  ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე  წვდომას.  დღესდღეობით, 20-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა თუ იცის იმის შესახებ, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100-დან მხოლოდ ერთი ადამიანი მკურნალობს. 

„ჰეპატიტი დიდი ხანია იყო იგნორირებული მსოფლიოში“, განაცხადა მარგარეტ ჩანმა, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა,  “დროა ჰეპატიტების წინააღმდეგ ისეთივე მასშტაბის  გლობალური საპასუხო ღონისძიებების მობილიზება მოვახდინოთ, როგორც სხვა  გადამდები დაავადებების - აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შემთხვევაში.“ 

მსოფლიოში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B და C ჰეპატიტებით, რაც 10-ჯერ მეტია აივ-ინფიცირებულთა რაოდენობაზე. გამოთვლილია, რომ 2013 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 

2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის  ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირებადა ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის. 

სტრატეგია ამბიციურია, თუმცა მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა  უკვე არსებობს. მართალია არ არსებობს  C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მის მკურნალობაში. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა  90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის. 

ჯანმოს აივ/შიდსის დეპარტამენტისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის დირექტორის, დოქტორ გოტფილდ ჰირნშალის თქმით, „უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, რათა ადამიანები არ კვდებოდნენ  ჰეპატიტებით, ეს კი მოითხოვს საჭირო სერვისებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობის სასწრაფოდ გაზრდას ყველასათვის.“ 

მკურნალობის გაუმჯობესება

ზოგიერთი ქვეყანა, მიუხედავად სირთულეებისა, ახერხებს იპოვოს გზები, სერვისი მისაწვდომი გახადოს. ეს ძალისხმევა, უფრო ადვილი ხდება, თუ შემცირდება მედიკამენტების ფასი. ფასები მცირდება ძირითადად იმ ქვეყნებში, რომლებსაც აქვს ხელმისაწვდომობა გენერიულ წამლებზე. 2015 წელს, წინასწარი ანალიზით შეფასებულია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში მცხოვრები 300 000 ადამიანი იღებს C ჰეპატიტის მკურნალობას ახალი თაობის მედიკამენტების გამოყენებით. 

ეგვიპტეში, საშუალოზე დაბალი შემოსავლის ქვეყანაში C ჰეპატიტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრევალენტობით მსოფლიოში, 200 000 ადამიანს ჩაუტარდა მკურნალობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ერთი ადამიანის მკურნალობის ფასი დაეცა 900$-იდან (2014 წელი) 200$-მდე (2016 წელი). C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ძალისხმევა გააძლიერეს სხვა ქვეყნებმაც. ბრაზილია და პაკისტანი აფართოებენ მკურნალობით მოსახლეობის დაფარვას, ხოლო საქართველომ გამოაცხადა, რომ გეგმავს ამ დაავადების ელიმინაციას. 

ჰეპატიტების პრევენცია

B და C ჰეპატიტი გადაეცემა დაინფიცირებული სისხლით არასაკმარისად სტერილიზებული სამედიცინო ინსტრუმენტების, ნემსებისა და შპრიცების  გამოყენებით ჯანდაცვის დაწესებულებებში, ასევე ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში; დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, ან ინფიცირებული დედიდან ბავშვზე.  

2014 წლისთვის B ჰეპატიტის ვაქცინაცია საკუთარ ვაქცინაციის კალენდარში გათვალისწინებული აქვს 184 ქვეყანას ამ ქვყენებში ბავშვების 82%-ს ჩაუტარდა B ჰეპატიტის აცრა. ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი 1992 წელთან შედარებით, როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაციის რეკომენდაციის თაობაზე და იმავე წელს აცრები მხოლოდ 31 ქვეყანაში განხორციელდა.  

და ბოლოს, უსაფრთხო სისხლის სტრატეგიის განხორციელება, მათ შორის დონორული სისხლით  მიღებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების ხარისხიანი სკრინინგი ხელს უწყობსB და C ჰეპატიტების გადაცემის პრევენციას. უსაფრთხო ინექციების პრაქტიკა, ასევე ეფექტური სტრატეგიაა დაავადების გავრცელებისაგან თავის დასაცავად; ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთათვის ჰეპატიტების გადაცემის პრევენციის მიზნით გადამწყვეტი როლი აქვს ზიანის შემცირების სერვისებს. უსაფრთხო სქესობრივი პრაქტიკა, პარტნიორთა რაოდენობის შემცირება და დამცავი საშუალებების (კონდომები) გამოყენება ასევე იცავს დაავადების გადაცემისგან. 

ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში

საქართველო ტრადიციულად ჰეპატიტების მსოფლიო დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებებითა და სიახლეებით უერთდება.

ჰეპატიტების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია „იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე“. ამით  ხაზგასმულია ვირუსული ჰეპატიტების გამოვლენის მნიშვნელობა, რადგან მთელ მსოფლიოში ვირუსული B და C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების 95%-მა არ იცის თავისი დაავადების შესახებ. სწორედ ამის გამოა საჭირო მოქმედება ახლავე და რაც შეიძლება მეტი მცდელობის მიმართვა სკრინინგისა და შესაბამისად დაავადების გამოვლენის გაფართოებისკენ.

2015 წლის აპრილში საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 36 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას და დაახლოებით 15 ათასმა მათგანმა იმკურნალა ან ამჟამად მკურნალობს უახლესი ანტივირუსული მედიკამენტების შემცველი რეჟიმებით. მათგან 8 ათასზე მეტმა პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათში, რომლებშიც ჩატარდა მყარი ვირუსული პასუხის შესაფასებელი ანალიზი მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, დაახლოებით 90%-ში გამოვლინდა სრული განკურნება. თავდაპირველად პროგრამაში ერთვებოდნენ მხოლოდ ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტები (ფიბროზის ხარისხი F3 და F4), ამჟამად ჩართვის კრიტერიუმები უკვე მოხსნილია და  C ჰეპატიტით ინფიცირებულ ყველა ადამიანს, მიუხედავად ფიბროზის ხარისხისა, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში და ჩაიტაროს უფასო მკურნალობა.

2015 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით ჩატარებულმა პოპულაციურმა კვლევამ აჩვენა, რომ C ჰეპატიტის სეროპრევალენტობა ქვეყნის მოზრდილ მოსახლეობაში არის 7.7%, ხოლო 5.4% დაავადებულია აქტიური ინფექციით, რაც ნიშნავს, რომ სულ საქართველოში ამ ვირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას საჭიროებს 150 ათასი ადამიანი.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა სკრინინგის ღონისძიებები. ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე სხვადასხვა პროგრამებისა და კამპანიების ფარგლებში მთლიანობაში უკვე 200 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება C ჰეპატიტზე. გაფართოვდა სკრინინგის ღონისძიებები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში - ორსულები, სტუდენტები და ა.შ. დღეს კი იწყება სამედიცინო პერსონალის სკრინინგის ერთთვიანი კამპანია, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან  კლინიკებისა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

დასრულდა ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გათვლილია 2016-2020 წლებზე. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

მომზადდა სენფორდის ჰეპატიტების თერაპიის სახელმძღვანელოს ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის სახით. ის იქნება კიდევ ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებით განხორციელებაში.

ვებ გვერდი - www.ncdc.ge

ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

მისამართი:.თბილისი, ასათიანის#9

საკონტაქტოპირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

 

 

ღონისძიებები

ქ. ფოთის  სამედიცინო  დაწესებულებებში  უფასო სკრინინგული  კვლევების ჩატარების გეგმა - გრაფიკი

მოკლე ინფორმაცია ვირუსულ ჰეპატიტებზე

ჰეპატიტი

C ჰეპატიტი

გამოკითხვა - რა იცით ჰეპატიტის შესახებ

პოსტერები