ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირი

Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირი, ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ბუნებაში მრავალი შტამით (სახეობით) არის წარმოდგენილი. მათი უმეტესობა  უვნებელია ჯანმრთელობისთვის, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მიკროფროლასაც კი წარმოადგენენ, თუმცა არსებობს პათოგენური  შტამებიც, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ როგორც დიარეით მიმდინარე დაავადება, ასევე ნაწლავგარე ინფექციებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ  ენტეროჰემორაგიული E.coli-ს ჯგუფს ენიჭება. ამ ჯგუფის შტამების ვირულენტობა განპირობებულია უნარით გამოიმუშავონ ე.წ. შიგა ტოქსინი, ამიტომ მათ შიგა ტოქსინ მაპროდუცირებელ ბაქტერიებად (Shiga toxin-prodacting) ან შესაბამისი აბრივიატურით STEC მოიხსენიებენ (ლიტერატურაში შეიძლება შეგხვდეთ ამ ტერმინთა ანალოგი-ვერო ტოქსინი და შესაბამისი აბრივიატურა VTEC).

ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირის ჯგუფიდან პირველი გამომწვევი E.coli O157, 1982 წელს იდენტიფიცირდა. STEC-ზე არსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი სწორედ E.coli O157 -ით გამოწვეული ინფექციების კვლევის შედეგად არის მიღებული. მართალია ამჟამად მრავალი სხვა შტამიც არის მიჩნეული შიგა ტოქსინის მაპროდუცირებლად, ისტორიულად ჩამოყალიბდა ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზის პირობითი დაყოფა  O157-ით გამოწვეულ და არა - O157  ინფექციებად. ამ უკანასკენელის მაგაგალითია, ენტეროჰემორაგიულ ნაწლავის ჩხირის O104:H4  შტამი, რომელმაც გერმანიაში, 2011 წელს, დიდი ეპიდაფეთქება და 43 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დაავადების რეზერვუარს ენტეროჰემორაგიული ნაწლავის ჩხირით კოლონიზირებული თბილსისხლიანი ცხოველები წარმოადგენენ, ძირითადად ძროხები. აღსანიშნავია, რომ ცხოველი მიკრობის უსიმპტომო მტარებელია. გადაცემის  გზა ფეკალურ-ორალურია. ჩვეულებრივ დაავადება  შეიძლება მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ნაკელით დაბინძურებული საკვები პროდუქტების ან წყლის მიღების შემდეგ განვითარდეს. თუმცა ბაქტერიები ასევე გადაეცემა დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის და ცხოველების მოვლის  დროსაც.

ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს:

  • თერმულად არასაკმარისად დამუშავებულმა ხორცმა
  • დაბინძურებულმა წყალმა (არა მხოლოდ სასმელმა, არამედ სარეკრიაციო წყალმაც)
  • უმმა ბოსტნეულმა და ხილმა
  • აუდუღარმა რძემ და აუდუღარი რძიდან ახლადამოყვანილმა  ყველმა (ჭყინტი ყველი)
  • ცხოველების მოვლის დროს მათთან მჭიდრო კონტაქტმა
  • ჰიგიენური წესების დაუცველობამ

ინკუბაციის პერიოდი საშულოდ 3-4 დღეა, თუმცა შეიძლება 1-დან 10 დღემდე გაგრძელდეს. დაავადება ძირითადად თანდათანობით იწყება მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილითა და დიარეით, განავლოვანი მასები ხშირად სისხლიანია. ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული, ტემპერატურა ჩვეულებრივ არ აჭარბებს 38,3C-ს. უმეტესად პაციენტები  10 დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდებიან, თუმცა  5-დან 10%-მდე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზისთვის დამახასიათებელი მძიმე და საშიში გართულება ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS). HUS დაავადების დაწყებიდან საშუალოდ 7 დღის შემდეგ იწყება და ხასიათდება თირკმლის მწვავე უკმარისობით, ჰემოლიზური ანემიითა და თრომბოციტოპენიით. ჰუს-ის მქონე პაციენტთა 50 %-ს ესაჭიროება დიალიზი და 3-5%-ში ფიქსირდება ლეტალური გამოსავალი. ჰუს-ს უმეტესად იწვევს ნაწლავის ჩხირის შტამი (STEC) O157:H7. გარდა O157:H7 შტამისა ეპიდ-აფეთქებების დროს აღმოჩენილია E. coli O104, O26, O111, O103, O45, O121 და O145 შტამები. განსაკუთრებული რისკის ქვეშ მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები არიან. HUS-ის შემდეგ გამოჯანმრთელებულ  პაციენტებში ხშირად  თირკმლის ქრონიკული დაავადებები ვითარდება. ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი (ჰუს) - წარმოადგნეს ნაწლავის ჩხირის ტოქსინის გამომყოფი შტამით გამოწვეულ დაირეის (ხშირად სისხლიანი დიარეის) შემდეგ განვითარებულ სიცოცხლისათვის საშიშ გართულებას. იგი ხასიათდება ტრიადით: მიკროანგიოპათიური ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია და თირკმელის მწვავე უკმარისობა.

მკურნალობის დროს წამყვანი როლი არასპეციფიურ მკურნალობას, განსაკუთრებით რეჰიდრატაციას ენიჭება. ანტიბიოტიკების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

მკურნალობის შედეგად დაავადებული შეიძლება სრულად განიკურნოს,  თუმცა შესაძლებელია ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე თვიანი მტარებლობა ჩამოყალიბდეს.

ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზის პრევენცია გულისხმობს საკვების წარმოების და მომზადების კონტროლს, როგორც კომერციულ დაწესებულებებში, ასევე ოჯახის პირობებში წარმოების მთელი პროცესის განმავლობაში - გლეხის მეურნეობიდან (ფერმიდან) თეფშზე მოხვედრამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის წესების დაცვა.

დაავადების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია:

•           ყოველთვის მიიღოთ  თერმულად კარგად დამუშავებული  ხორცი, რძე და კვერცხი

•           კარგად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული

•           დაიბანოთ ხელი უმ ხორცთან შეხების შემდეგ

•           კარგად გარეცხოთ საჭრელი დაფები და სხვა ინვენტარი უმ ხორცთან შეხების შემდეგ

•           დარწმუდით წყლის უსაფრთხოებაში

•           დაიცავით საკვების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი

•           განცალკევებულად შეინახეთ მზა საკვები და უმი პროდუქტები

•           დიარეის მქონე პირები მოარიდეთ საკვების მომზადების პროცესს

•           დაიბანეთ ხელი ცხოველებთან შეხების შემდეგ