პრესკონფერენცია - ჰეპატიტის მსოფლიო დღე 28.07.2016

2016 წლის 28 ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე 

ჰეპატიტის მსოფლიო დღე 

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელები. ასევე, დარგის ექსპერტები, კლინიცისტები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ყოველი წლის 28 ივლისს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტის მსოფლიო დღეს. ეს დღე შეირჩა ნობელის პრემიის ლაურიატის ბარუჰ სამუელ ბლუმბერგისთვის პატივისცემის ნიშნად, რომელმაც აღმოაჩინა B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ჰეპატიტების მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია

იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე

ამ დღის აღსანიშნავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები,  რაც  ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე  წვდომას.  დღესდღეობით 20-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა თუ იცის იმის შესახებ, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100-დან მხოლოდ ერთი ადამიანი მკურნალობს.

საქართველო ტრადიციულად ჰეპატიტების მსოფლიო დღეს მნიშვნელოვანი ღონისძიებებითა და სიახლეებით უერთდება. 

მსოფლიოში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანია ინფიცირებული B და C ჰეპატიტებით, რაც 10-ჯერ მეტია აივ-ინფიცირებულთა რაოდენობაზე. გამოთვლილია, რომ 2013 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.45 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 

„ჰეპატიტი დიდი ხანია იყო იგნორირებული მსოფლიოში“, განაცხადა მარგარეტ ჩანმა, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა,  “დროა ჰეპატიტების წინააღმდეგ ისეთივე მასშტაბის  გლობალური საპასუხო ღონისძიებების მობილიზება მოვახდინოთ, როგორც სხვა  გადამდები დაავადებების - აივ/შიდსის და ტუბერკულოზის შემთხვევაში.“ 

2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე გლობალური ჯანმრთელობის სექტორის პირველი სტრატეგია და შეიმუშავა გლობალური მიზნები. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი მიზანი კი არის  ვირუსული ჰეპატიტის ახალი ინფექციების 90%-ით შემცირებადა ვირუსული ჰეპატიტით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება 2030 წლისთვის. 

სტრატეგია ამბიციურია, თუმცა მიზნების მისაღწევად საჭირო ხელსაწყოები შემუშავებულია. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა და მკურნალობა  უკვე არსებობს. მართალია არ არსებობს  C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ბოლო წლებში გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მის მკურნალობაში. ე.წ. პირდაპირი მოქმედების ორალური მედიკამენტების შექმნამ, პოტენციურად შესაძლებელი გახადა პაციენტთა  90%-ზე მეტის განკურნება 2-3 თვის განმავლობაში. თუმცა, ბევრ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა, რეგულაციები და მედიკამენტების მაღალი ფასები მიუწვდომელს ხდის მკურნალობას დაავადებულთა უმეტესობისათვის. 

ჯანმოს აივ/შიდსის დეპარტამენტისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის დირექტორის, დოქტორ გოტფილდ ჰირნშალის თქმით: ,,უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, რათა ადამიანები არ კვდებოდნენ  ჰეპატიტებით, ეს კი მოითხოვს საჭირო სერვისებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობის სასწრაფოდ გაზრდას ყველასათვის.“ 

პრესკონფერენციაზე მოხდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთი წლის მიმდინარეობის შედეგების, C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის კვლევის შედეგების, C ჰეპატიტის  ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის და სენფორდის სახელმძღვანელო ბუკლეტის - ჰეპატიტის თერაპია - მობილური ტელეფონის აპლიკაციის წარდგენა. ასევე, გაკეთდა განცხადება სამედიცინო პერსონალისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის ინიციატივის შესახებ.  

იცოდე ჰეპატიტის შესახებ - იმოქმედე ახლავე 

 

იხილეთ ფოტოალბომი 

 

ღონისძიებები

ქ. ფოთის  სამედიცინო  დაწესებულებებში  უფასო სკრინინგული  კვლევების ჩატარების გეგმა - გრაფიკი