BMJ–ის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საქართველოს კლინიკური მედიცინის სპეციალისტებისთვის- უწყვეტი სამედიცინო განათლების შემდგომი განვითარების წინაპირობა

პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის და ინფექციონისტებისთვის ელექტრონული სწავლების პლატფორმის დანერგვა 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეგიდით იგეგმება ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის - BMJ  3 წლიანი საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელება პირველადი ჯანდაცვისა ექიმებისთვის და ინფექციონისტებისთვის საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA).

BMJ დაფუძნდა 170 წლის წინ, როგორც სამედიცინო ჟურნალის გამოცემა.  ამჟამად ის მთელს მსოფლიოში წარმოადგნეს გლობალურ ბრენდს, რომელიც ეხმარება სამედიცინო ორგანიზაციებსა და კლინიცისტებს, დაძლიონ დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე გამოწვევები ჯანმრთელობის სფეროში.

BMJ-ის პორტალი მოიცავს სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზისა და ხარისხის გაუმჯობესების სასწავლო მოდულებს. 50-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი სამედიცინო ჟურნალების გამოქვეყნების გზით BMJ-მ კარი გაუღო ციფრული გამომცემლობის განვითარებას და სამეცნიერო ნაშრომებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

სამედიცინო განათლების და დაავადებებზე ინფორმაციის უსწრაფესად განახლების ეპოქაში ექიმებს და სხვა სამედიცინო პროფილის სპეციალისტებს უჭირთ ფეხდაფეხ მიყვნენ ინფრომაციის მოპოვებას. სალექციო კურსების, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება დროისა და ფინანსური ხარჯის თვალსაზრისით არაეფექტიანია. გამოსავალი კი სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაშია. ეს გახლავთ ელექტრონულად განათლების მიღება და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალური ელექტრონული მხარდაჭერა დროის დაზოგვისა და ადგილის შეცვლის გარეშე.  

აღნიშნული პროექტი გულისხმობს ხელმისაწვდომობას BMJ-ის ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან, როგორიც არის: BMJ სწავლება  და BMJ მოწინავე პრაქტიკა, რომლებიც მოიცავენ მწვავე და ქრონიკულ დაავადებებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო შემთხვევებზე ინფორმაციას და მის საფუძველზე კლინიკური გადაწყვეტილებების ინსტრუმენტებს. მომხმარებელს საშუალება ექნება ადგილზევე აწარმოოს მიღებული ინფორმაციის ჩანაწერები პირად პორტფელში, რაც ხელს შეუწყობს მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. 

BMJ სწავლება  - არის ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას მისთვის ხელსაყრელი ფორმატით: აუდიო / ვიდეო ჩანაწერებით, ტექსტუალური სალექციო კურსით, სამედიცინო შემთხვევების ინტერაქტიული გარჩევით. კლინიცისტს ასევე შეუძლია ცოდნის დონის შემოწმება პრე-ტესტით და პოსტ-ტესტით. აღნიშნული ინსტრუმენტი გათვლილია სამედიცინო პერსონალის დროის მაქსიმალურ დაზოგვაზე და განახლებული ინფორმაციის მიწოდებაზე. გარდა ამისა, BMJ სწავლება  გულისხმობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მკურნალობის გაუმჯობესებულ გამოცდილებას. 

BMJ-ის ჯგუფი, პროექტის ფარგლებში, იმუშავებს სამინისტროსთან აღნიშნული ელექტრონული რესურსების აკრედიტაციისთვის, რაც მომავალში გახდება უწყვეტი სამედიცინო განათლების /პროფესიული მზადების საწინდარი და კრედიტების დაგროვების ბერკეტი. 

BMJ მოწინავე პრაქტიკა - არის კლინიკური გადაწყვეტილებების ხელშემწყობი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროდუქტი შეიცავს ათასზე მეტი რაოდენობის დაავადებებზე ( მაგ. აქტინომიკოზიდან ზიკას ვირუსის ჩათვლით) ინფორმაციას. მედიცინის ის დარგები, რომლებიც უსწრაფესი ტემპით ვითარდება და შესაბამისად ინფორმაციაც იცვლებას,  BMJ მოწინავე პრაქტიკა ამ ინფორმაციის განახლებას აკეთებს რამდენიმე კვირის ფარგლებში. 

BMJ მოწინავე პრაქტიკა უზრუნველყოფს მტკიცებულებების დროულ მიწოდებას კლინიცისტის საჭიროებიდან გამომდინარე. მთელი აქცენტი კეთდება კლინიკურ პრაქტიკასთან არსებული ინფორმაციის გაცვლაზე და პაციენტის მკურნალობისთვის საჭირო მტკიცებულებების განხილვაზე.  აღნიშნული ინსტრუმენტი შეიცავს უახლეს გაიდლაინებს და ექსპერტთა ცოდნის გაზიარებას დიაგნოსტიკის, პროგნოზირების, მკურნალობისა და პრევენციის სფეროებში. 

BMJ მოწინავე პრაქტიკა ხელმისაწვდომია როგორც კომპიუტერული ვერსია, აგრეთვე როგორც IOS და Android აპლიკაცია, რაც ზოგავს მომხმარებლის დროსა და ქმნის ინფორმაციის მიღების კომფორტულ გარემოს. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, DTRA–ს და BMJ - ის გუნდი აღნიშნული 3 წლის მანძილზე ერთობლივად იმუშავებენ აღნიშნული პროექტის საქართველოს შესაბამის უწყებებზე შეუფერხებელ გადაცემაზე და მის მომავალ მდგრადობაზე.  

აღნიშნული პლატფორმის დანერგვა მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების / პროფესიული მზადების შემდგომი განვითარებისთვის.

 

დღის წესრიგი