BMJ–ის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა 10.08.2016

2016 წლის 10 აგვისტოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ეგიდით გაიმართა ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) - პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის და ინფექციონისტებისთვის ელექტრონული სწავლების პლატფორმის დანერგვის გახსნის ცერემონიალი

BMJ–ის ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა საქართველოს კლინიკური მედიცინის სპეციალისტებისთვის -

უწყვეტი სამედიცინო განათლების შემდგომი განვითარების წინაპირობა 

ღონისძიებას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს  წარმომადგენლები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, BMJ -ის სტრატეგიული პარტნიორობის დეპარტამენტის, ინოვაციებისა და განვითარების დეპარტამენტის და  ინსტიტუციონალური მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. ასევე, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების, კლინიკების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები. 

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის - BMJ  საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის და ინფექციონისტებისთვის  საქართველოს მასშტაბით წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA).

BMJ დაფუძნდა 170 წლის წინ, როგორც სამედიცინო ჟურნალის გამოცემა.  ამჟამად ის მთელს მსოფლიოში წარმოადგნეს გლობალურ ბრენდს, რომელიც ეხმარება სამედიცინო ორგანიზაციებსა და კლინიცისტებს, დაძლიონ დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე გამოწვევები ჯანმრთელობის სფეროში.

BMJ სწავლება  გულისხმობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მკურნალობის გაუმჯობესებულ გამოცდილებას. 

BMJ-ის ჯგუფი, პროექტის ფარგლებში, იმუშავებს სამინისტროსთან აღნიშნული ელექტრონული რესურსების აკრედიტაციისთვის, რაც მომავალში გახდება უწყვეტი სამედიცინო განათლების/პროფესიული მზადებისთვის  და კრედიტების დაგროვების ბერკეტი. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, DTRA–ს და BMJ - ის გუნდი აღნიშნული 3 წლის მანძილზე ერთობლივად იმუშავებენ აღნიშნული პროექტის საქართველოს შესაბამის უწყებებზე შეუფერხებელ გადაცემაზე და მის მომავალ მდგრადობაზე.  

აღნიშნული პლატფორმის დანერგვა მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების / პროფესიული მზადების შემდგომი განვითარებისთვის.

 

იხილეთ ფოტოალბომი