ევროპის იმუნიზაციის კვირეული (EIW) აღინიშნება მთელს ევროპის რეგიონში ყოველი წლის აპრილის თვეში

* მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის     შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის 
* წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში, რომლის ფარგლებში ახორციელებს ფართო მასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს


•    გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით კაცობრიობა მედიცინის სხვა არცერთ დარგთან არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციასთან
•    იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში (პენიცილინი, რენტგენის სხივები, დნმ, ინსულინი, ანესთეზია და სხვა);
•    აღნიშნულ ჩამონათვალში მე-2 ადგილი ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკავია, ხოლო მე-8 ადგილი - მორის ჰილემანის მიერ შექმნილ წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო კომბინირებულ ვაქცინას;
•    XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, უსაფრთხო საკვები და გარემო, ოჯახის დაგეგმარება და სხვა) იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს.
ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა - სახელმწიფო, სოციალური, ჰიგიენური და სამედიცინო ღონისძიებების სისტემაა, რომელიც გამიზნულია მოსახლეობის ჯანმრთელობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად და დაავადებათა თავიდან ასაცილებლად. ამ სისტემის ერთერთ უმთავრეს სფეროს დაავადებების სპეციფიკური პრევენცია - იმუნიზაცია წარმოადგენს. იგი ყველაზე მასობრივი სამედიცინო ინტერვენციის სისტემაა და მოიცავს მეცნიერების სხვადასხვა დარგის  ერთობლიობას, დაწყებული სახელმწიფო პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე იმუნიზაციის სამსახურის მოწყობიდან და დამთავრებული უშუალოდ პაციენტის ვაქცინაციით.
საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2014-2020) მიმდინარეობის პროცესში, რომელიც შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე (GVAP, SIXTY-FIFTH WORLD HEALTH ASSEMBLY WHA65.17). გეგმის მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია  ვაქცინაციის საშუალებით. გეგმის შედეგად ევროპის რეგიონი უნდა გახდეს თავისუფალი მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციის მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე. გლობალური  სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია  პროგრამა „Health 2020:  a European policy  framework supporting action across government and society for  health and well-being”-ის  ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებთან  და კონცეფციებთან.


2014-2020  წლებისათვის რეგიონალური  სამოქმედო გეგმის  მიზნებია:

•    პოლიომიელიტისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება;
•    წითელა/წითურას ელიმინაცია;
•    B ჰეპატიტის ინფექციის კონტროლი;
•    ვაქცინაციის რეგიონული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა ყველა ადმინისტრაციულ დონეზე რეგიონის წევრ–ქვეყნებში;
•    მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება ახალი ვაქცინების შემოღების შესახებ მსჯელობისას;
•    ეროვნული იმუნიზაციის პროგრამების ფინანსური მდგრადობის მიღწევა.


2016 წლის იმუნიზაციის კვირეული მიეძღვნება წითელასა და წითურას ელიმინაციის პროცესში მიღეწეულ პროგრესს და სირთულეებს ევროპის რეგიონში;

ევროპა, როგორც არასოდეს ახლოსაა წითელასა და წითურას ელიმინაციასთან, და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჯერ კიდევ ენდემურია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაძლიონ არსებული ჩამორჩენა. 
წითელასა და წითურას ელიმინაციის ვერიფიკაციის ევროპის რეგიონული კომისიის მიერ დღეისათვის გამოქვეყნებული დასკვნების სფუძველზე ნათელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 32 ქვეყანაში შეწყდა ენდემური წითელასა და/ან წითურას გადაცემა.

წითელა - ძირითადი ფაქტები

•    წითელა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად,  მიუხედავად იმისა რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა;
•    2014 წელს გლობალურად დაფიქსირდა წითელათი გარდაცვალების 114 900 შემთხვევა - თითქმის 314 შემთხვევა დღეში ანუ 13 შემთხვევა საათში;
•    2000-2014 წწ.. პერიოდში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ წითელათი გამოწვეული გლობალური სიკვდილობა შეამცირა 79%-ით;
•    2014 წ. მსოფლიოში ბავშვების დაახლოებით 85%-მა სიცოცხლის პირველივე წელს მიიღო წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, 2000 წ. ეს რიცხვი შეადგენდა 73%-ს; 
•    2000-2014 წწ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციამ, შეფასებით, თავიდან აგვაცილა გარდაცვალების  17,1 მლნ შემთხვევა. ამის საფუძველზე, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა აღიარებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანეს მიღწევად. 
•    2014 წლის განმავლობაში 28 ქვეყანაში ჩატარებული წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასიური კამპანიისას აიცრა დაახლოებით 219 მლნ ბავშვი;

გლობალური სტატისტიკა  

•    იმუნიზაცია იცავს იმ დაავადებებით გამოწვეული  ინვალიდობის და  სიკვდილისაგან, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია ვაქცინებით. მათ შორისაა დიფთერია, ყივანახველა, В ჰეპატიტი, წითელა, წითურა, პნევმონია, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა,  ტეტანუსი და საშვილოსნოს ყელის კიბო;
•    გლობალურად ვაქცინაციით მოცვა სტაბილურად მდგრადია;
•    ახალი და ნაკლებგამოყენებადი ვაქცინების მოხმარების დონე იზრდება;
•    დღეისთვის, იმუნიზაცია ყოველწლიურად თავიდან გვაცილებს 2 მილიონდან 3 მილიონამდე გარდაცვალების შემთხვევას;
•    მაგრამ, მსოფლიოში 18,7 მლნ ახალშობილი ჯერ კიდევ ვერ იღებს ძირითად ვაქცინებს;

ძირითადი გამოწვევები

•    რესურსების ნაკლებობა;
•    ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კონკურენტული პრიორიტეტები;
•        ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ცუდი მართვა;
•    პროგრამის მიმდინარეობის არასათანადო მონიტორინგი და ზედამხედველობა;

http://www.who.int/campaigns/immunization-week/2016/ru/

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

პროფილაქტიკური აცრები საყოველთაოდ ხელმისაწვდომია ქვეყანაში, შეესაბამება როგორც ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ თავისებურებებს, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
საქართველოს ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად, 1996 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შერჩეულ ასაკებში იმუნოპროფილაქტიკის წარმოება. ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლენი არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იმუნიზაციის პროგრამის მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული ვაქცინებით და შრატებით უზრუნველყოფა და აცრა–ვიზიტების მომსახურება არ ითვალისწინებს მოსარგებლეთა მხრიდან თანაგადახდას. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად აფინანსებს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული  10 ვაქცინის (BCG, Hep B (მონო), DPT-Hib-HepB-IPV, DPT, DT, Td, OPV, MMR, Rota, PCV) შესყიდვას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ასევე სრულად არის დაფინანსებული კალენდრით გათვალისწინებული 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 
•    იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში  2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა (მათ შორის როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგო, ინაქტივირებული და ბივალენტური პოლიოვაქცინები 2012-2016 წლებში):

 

  • B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა -2000 ;
  • წითელა -წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა -2004 ;
  • ჰემოფილუს ინიფლუენცა ტიპი b საწინააღმდეგო ვაქცინა  - 2010 ;
  • როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2012 ;
  • პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2014 ;
  • ინაქტივირებული პოლიომიელიტის შემცველი ექვსკომპონენტიანი ვაქცინა (ჰექსა) –  2015;
  • პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა - 2016;


•    პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა, საქართველომ პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ფარგლებში, 2015 წლიდან  აცრების კალენდარში დანერგა ინაქტივირებული პოლიოს შემცველი ჰექსავალენტური ვაქცინა  წლამდე ასაკის ბავშვთა ვაქცინაციისათვის (რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირდაპირ რეკომენდაციას წარმოადგენს);
•    სახელმწიფო ბიუჯეტით შეძენილი ვაქცინები ყოველთვის ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და თანმიმდევრულია იმ სტარტეგიისა, რომელიც განსაზღვრულია ამა თუ იმ დაავადების შემცირების ან აღმოფხვრისათვის. საქართველოში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების სახელმწიფო კალენდრის ფარგლებში მოწოდებული ვაქცინები ძალზე მაღალი ხარისხის და უსაფრთხოებისაა და გამოიყენება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. ვაქცინის მაღალი ხარისხის გარანტირებისათვის სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე სერთიფიცირებულ ან/და დასავლეთის ქვეყნებში რეგისტრირებულ  ვაქცინებს;
•    2015 წლისათვის მილენიუმის განვითარების მიზნების (MDG) განხორციელებაში მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების შემცირებაში (მიზანი 4: განსაზღვრული იყო 2015 წლამდე გლობალურად 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირება). საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ათასწლეულის განვითარების მიზანს მიაღწია, როგორც ოფიციალური სტატისტიკის, ასევე საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებების და ფართომასშტაბიანი კვლევების მონაცემებით. აღნიშნული მაჩვენებელი ცენტრის მონაცემებით 2001 წელს შეადგენდა 27,2 1000 ცოცხლადშობილზე, 2014 წელს  - 9,5-ს.  
•    დასახულის მიღწევაში უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრებოდა იმუნიზაციას, როგორც ბავშვთა ავადობასა და სიკვდილობათან ბრძოლის ყველაზე ქმედით და ეფექტურ საშუალებას. დღეისათვის, იმუნიზაციის აქტუალობა კიდევ უფრო არსებითი ხდება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG, მიზანი 3) მისაღწევად, რაც გულისხმობს 2015-2030 წლებში  ახალშობილთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების კიდევ უფრო შემცირებას გლობალურად (საქართველოსთვის 6-მდე 1000 ცოცხლადშობილზე).

ინფორმაცია საქართველოში წითელას გავრცელების შესახებ

ევროპის რეგიონული მიზნებიდან გამომდინარე 2020 წლისათვის უნდა განხორციელდეს წითელასა და წითურას ელიმინაცია, რომლის  ძირითადი სტრატეგიებია:
 - წითელა/წითურას  შემცველი ვაქცინით არანაკლებ 95% მოცვის მაჩვენებლის  მიღწევა ორივე ასაკობრივ ჯგუფში ნაციონალურ და სუბნაციონალურ/რაიონულ დონეებზე გეგმიური იმუნიზაციის საშუალებით;
 - აუცრელ ან არასრულად ვაქცინირებულთათვის იმუნიზაციის შესაძლებლობის მიცემა გეგმიური ან იმუნიზაციის დამატებითი ღონისძიებების მეშვეობით;
 - ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის  გაძლიერება წითელა/წითურას ყველა შემთხვევის აღმოჩენის  და დადასტურების მიზნით;
ვაქცინაციით მართვად დაავადებათა შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანმა კლებამ მოსახლეობას შეუქმნა აზრი, რომ მრავალი ინფექციური დაავადება წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ეს ინფექციები შესაძლებელია კვლავ გახდნენ  ავადობის, ინვალიდობის და სიკვდილობის მიზეზი იმუნიზაციის განხორციელებისადმი ძალისხმევის და აცრებით მოცვის დონის კლების შემთხვევაში. აღნიშნულის ერთერთი მკაფიო მაგალითია 2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება (11 000 შემთხვევა,  3 გარდაცვალება). ავადობის ტვირთი, ძირითადად, 1 წლამდე და 15-30 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოვიდა, რაც ადასტურებს ამ ასაკობრივი კატეგორიის არაიმუნურობას. წითელას დაავადების შემთხვევების პროგნოზული მატების თავიდან აცილების მიზნით, 2008 წელს ჩატარდა 6-27 წლის ასაკის მოსახლეობის  მასობრივი აცრების კამპანია, რომლის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი  980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რაც 2013-2014 წლების ეპიდემიის ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო. 
საქართველოში, 2015 წელს  რეგისტრირებულია  წითელას 431  შემთხვევა. ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე - 11,5. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ინციდენტობა შემცირდა 86,5 %-ით. ლეტალური გამოსავალით დასრულდა დაავადების ერთი შემთხვევა. 2016 წელს ჯერ-ჯერობით წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მაღალი ინციდენტობა (ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალი) დაფიქსირდა: ქ. თბილისში (22,8), მცხეთა-მთიანეთში (22,3) და ქვემო ქართლში (21,2). თუმცა აღსანიშნავია, რომ 2014  წელთან შედარებით ამ რეგიონებში და მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა ინციდენტობის მნიშვნელოვანი კლება.  
2015 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, დაავადების შემთხვევები აღირიცხა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ასაკობრივი განაწილების ინტერვალია 0-62 წელი. დაავადების შემთხვევების პროცენტული განაწილებით ყველაზე მაღალი პროცენტი ფიქსირდება 15 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. მ.შ. ყველაზე მეტად დაზარალდა 20-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი. ინციდენტობა კი ყველაზე მაღალია 0-1 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, 2013-2015 წლებში აუცილებელი გახდა იმუნიზაციის დამატებითი კამპანიური ღონისძიებების განხორციელება, რაც გულსხმობდა 14 წლამდე ასაკის ბავშვთათვის წითელას საწინააღმდეგო აცრების კურსის დასრულებას, ხოლო 15-30 წლის ასაკის მოსახლეობისთვის დამატებითი აცრის ჩატარებას. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე ჩართული იყო სამედიცინო პერსონალი და სხვა სპეციფიკური კონტინგენტები. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში  ქვეყნის მასშტაბით აიცრა 169 900 ადამიანი, თუმცა სრული მოცვის განხორციელებისათვის ეს რაოდენობა არასაკმარისია, რადგან ქვეყანა იმყოფება წითელასა და თანდაყოლილი წითურას სინდრომის ელიმინაციის ფაზაში.
2016 წელს  საქართველოში წითელას შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
როგორც ეპიდაფეთქების  შემდგომი პერიოდისათვის არის დამახასიათებელი, 2014 წელს შემთხვევების რაოდენობა შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა 2015 წელსაც. თუ ქვეყანაში ზუსტად და მიზანმიმართულად გატარდება პრევენციული ღონისძიებები (როგორც იმუნიზაციის, ისე ეპიდზედამხედველობის მიმართულებით), რომელიც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის N41 განკარგულებით ,,წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ არის დამტკიცებული, 2016 წელს წითელათი ავადობა კიდევ უფრო შემცირება. 
ქვეყანაში დავადების შემდგომი გავრცელების შეჩერებისა და წითელას ელიმინაციის  მიზნით სავალდებულოა იმუნიზაციისა და ეპიდზედამხედველობის სისტემის განსაზღვრულ რეჟიმში მუშაობა: ორი დოზით ვაქცინაციის 95%-იანი მოცვა და დაავადების თითოეულ შემთხვევაზე ზედამხედველობის დამყარება, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩათვლით.

უნდა გვახსოვდეს რომ:

•    წითელა ჰაერის საშუალებით გავრცელებადი ვირუსული დაავადებაა, ამიტომ დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (საბავშვო ბაღები, სკოლები, დაწესებულებები)!
•    წითელას ვირუსი იწვევს ცხელებას, კანსა და ლოყის ლორწოვანზე დამახასიათებელ გამონაყარს. იგი ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და თავის ტვინის ანთებით. მძიმე გართულებებიდან ყოველი მე-4-5 შემთხვევა მთავრდება სიკვდილით!
მშობლებო,  აცერით  და დაიცავით თქვენი შვილები!

იმუნიზაცია გადაარჩენს სიცოცხლეს! იმუნიზაციის გარეშე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა დანარჩენი პროგრამა აზრს დაკარგავდა!
ჩვენ ვიცრებით, რათა გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი!
 ჩვენ არამხოლოდ ჩვენი შვილების დასაცავად ვიცრებით. ჩვენ, აგრეთვე, ვიცრებით ჩვენი შვილიშვილების და მათი შვილთაშვილების დასაცავად!