14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღე

შაქრიანი დიაბეტი 21-ე საუკუნეში ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. უკანასკნელ 20 წელიწადში ჩატარებული კვლევები ამტკიცებენ, რომ შაქრიანი დიაბეტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. შეშფოთებას იწვევს  შაქრიანი დიაბეტის გართულებები.

დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკი. სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს გულისა და სისხლძარღვების, თვალების, თირკმლების, ნერვების და კბილების  სერიოზული დაზიანება. ასევე, დიაბეტით დაავადებულებს აქვთ მიდრეკილება ინფექციებისადმი. მაღალი შემოსავლების მქონე თითქმის ყველა ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიბრმავის,  თირკმლის უკმარისობისა და ქვედა კიდურების ამპუტაციის უმთავრესი მიზეზი. სისხლში გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლის, არტერიული წნევის, ქოლესტერინის ნორმასთან დაახლოებული დონის შენარჩუნებას შეუძლია დიაბეტის გართულებების რისკის შეჩერება და თავიდან აცილება; ამიტომ დიაბეტით დაავადებულები უნდა იმყოფებოდნენ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

2015 წლის დიაბეტის ატლასის მონაცემებით ტიპი 2 შდ-ით დავადებული ადამიანების რიცხვის გაზრდა დაკავშირებულია სწრაფ სოციალურ და კულტურ ცვლილებებთან: მზარდ ურბანიზაციასთან, მოსახლეობის დაბერებასთან, ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან, შაქრის მოხმარების გაზრდასთან და ხილისა და ბოსტნეულის ნაკლებ მოხმარებასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით 2015 წლისათვის მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული იყო 415 მილიონზე მეტი ადამიანი; შესაბამისი ინტერვენციების გარეშე, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2040 წლისათვის მიაღწევს 642 მილიონ ადამიანს და დიაბეტი სიკვდილობის მიზეზთა შორის მე-7 ადგილს დაიკავებს. 2015 წელს 11 მოზრდილი ადამიანიდან 1-ს  ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მოზრდილი მოსახლეობის ორიდან ერთ ადამიანში შაქრიანი დიაბეტი არადიაგნოსტირებულია. მკვლევარების ვარაუდით 2040 წლისათვის ყოველ მეათე ადამიანს ექნება დიაბეტი. დიაბეტის პრევალენტობა 20-79 წლის ასაკში მსოფლიოში 2015 წელს იყო  8.8% (7.2-11.4%), ხოლო 2040 წელს 10.4% (8.5-13.5%)-ს მიაღწევს.

2015 წელს მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამო. შაქრიანი დიაბეტი იწვევს სერიოზულ დაავადებებს, რომლებიც აზიანებს გულსა და  სისხლძარღვებს, თვალებს, თირკმელებს,   ნერვებს და სხვა ორგანოებს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. დიაბეტი გავლენას ახდენს გულსა და სისხლძარღვებზე,  ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფატალური გართულებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები (მაგ. ინფარქტი და ინსულტი). დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში სიკვდილის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მაღალი არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობა და სხვა ფაქტორები ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებების მზარდ რისკს. 

თირკმლის დაავადებები (დიაბეტური ნეფროპათია). დიაბეტით დაავადებულებს პოპულაციის სხვა ჯგუფებთან შედარებით უფრო ხშირად აღენიშნება თირკმლის პათოლოგია. სისხლში გლუკოზისა და არტერიული წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებამ  შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს  თირკმლის დაავადებების რისკი.

დიაბეტური ნეიროპათია. დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება მთელი სხეულის გასწვრივ, როდესაც სისხლში გლუკოზა და არტერიული წნევა განსაკუთრებით მაღალია.

ასევე შეიძლება იჩინოს თავი საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებმა, ერექციულმა დისფუნქციამ  და სხვა მრავალი ფუნქციის დარღვევამ. ხშირად ზიანდება კიდურები, კერძოდ, ფეხები. ამ ადგილზე ნერვის დაზიანებას  ეწოდება პერიფერიული ნეიროპათია და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაკარგვა. მგრძნობელობის დაკარგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას იძლევა დაზიანებები განვითარდეს შეუმჩნეველად, რასაც შეიძლება სერიოზული ინფექციები და შესაძლო ამპუტაცია მოჰყვება. დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ამპუტაციის რისკი 25-ჯერ მეტია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არა აქვს დიაბეტი. თუმცა, სრულყოფილი მართვა თავიდან აგვაცილებს დიაბეტთან დაკავშირებულ ამპუტაციების შემთხვევებს. ამპუტაციის შემდეგ დარჩენილი ფეხისა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელია მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ კიდურების შემდგომი მოვლით. დიაბეტით დაავადებული პირები რეგულარულად უნდა იმოწმებდნენ ტერფს, მასზე განვითარებული დაზიანებების დროული გამოვლენის მიზნით.

თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია). დიაბეტით დავადებულ პირთა უმრავლესობას უვითარდება თვალის დაავადებები (დიაბეტური რეტინოპათია), რომლებიც მხედველობის დაქვეითებასა და სიბრმავეს იწვევს. სისხლში გლუკოზის მომატებული დონე მაღალ არტერიულ წნევასა და მაღალ ქოლესტერინთან ერთად რეტინოპათიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. მისი მართვა შესაძლებელია  გლუკოზისა და ქოლესტერინის ნორმალური  დონისა და თვალის რეგულარული კონტროლით.

ორსულობის გართულებები. ქალებს, რომელთაც ორსულობის პერიოდში აღენიშნებათ ნებისმიერი ტიპის დიაბეტი, აქვთ გართულებების მაღალი რისკი, თუ ისინი გულდასმით არ აკონტროლებენ და არ მართავენ თავიანთ მდგომარეობას. ნაყოფის ორგანოების შესაძლებელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებმა ორსულობამდე უნდა მიაღწიონ გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლებს. დიაბეტი ტიპი 1-ით,  ტიპი 2- ით ან გესტაციური დიაბეტით დაავადებული ყველა ქალისთვის ორსულობის დროს აუცილებელია სისხლში გლუკოზის სამიზნე დონის მიღწევა გართულებების მინიმალიზაციისათვის. ორსულობის დროს  სისხლში გლუკოზის მაღალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ჭარბწონიანობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის დროს პრობლემები, ახალშობილისა და დედის ტრავმა და სისხლში გლუკოზის მოულოდნელი შემცირება ბავშვის დაბადების შემდეგ. ბავშვებს, რომლებსაც  მუცლადყოფნის პერიოდში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დედის სისხლში გლუკოზის მაღალი დონის გავლენას განიცდიან, მოზრდილობაში დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აღენიშნებათ.

 

14 ნოემბერი  დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღეა (ინგლისურად-World Diabetes Day, ესპანურად- Día Mundial de la Diabetes, ფრანგულად-Journée mondiale du diabète). ეს დღე აწარმოადგენს მნიშვნელოვან შეხსენებას მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აერთიანებს მსოფლიოს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს მოიცავს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა შეცვალონ დიაბეტით დაავადებულთა  მდგომარეობა უკეთესობისკენ.

დიაბეტის მსოფლიო დღე დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით და დიაბეტთან ბრძოლის კოორდინაციის მიზნით 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუციით (A/RES/61/225) 14 ნოემბერი ოფიციალურად აღიარა დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ გაეროს წევრი ქვეყნებისთვის შემოთავაზებულია შაქრიან დიაბეტთან ეროვნული ბრძოლის პროგრამების შემუშავება და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო - ცისფერი წრე - დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით 2007 წელს იქნა მიღებული. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო. ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია. რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოებრიობის ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

ისტორია

დიაბეტთან ბრძოლის დღედ 14 ნოემბერი არჩეულია კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის პატივსაცემად, რომელიც დაბადებული იყო 1891 წლის 14 ნოემბერს. 1922 წელს ახალგაზრდა  ფრედერიკ ბანტინგმა პირველი ადამიანი გადაარჩინა, როდესაც ინსულინის ინექცია გაუკეთა დიაბეტის იუვენილური ფორმით დაავადებულ 14 წლის ყმაწვილს. ნაცვლად იმისა, რომ დაეპატენტებინა ინსულინი და ზღაპრულად გამდიდრებულიყო, ბანტინგმა ყველა უფლებები ტორონტოს უნივერსიტეტს გადააბარა.

ფრედერიკ ბანტინგს ახალგაზრდობაში ნათესავები და მეგობრები დაეხოცა შაქრიანი დიაბეტით და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, დაემარცხებინა ეს ვერაგი დაავადება. იგი საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა - გადავიდა სამედიცინოზე და თავისი აღთქმა წარმატებით აღასრულა - მიაგნო  მკურნალობის საშუალებას, ინსულინს. ფრედერიკ ბანტინგს, თავისი კვლევების დროს  გვერდით ედგა კოლეგა - ჩარლზ ბესტი.  კანადელი ქირურგი ფრედერიკ ბანტინგი და სტუდენტი ჩარლზ ბესტი ძაღლების კუჭქვეშა ჯირკვლიდან ინსულინის სეკრეციას სწავლობდნენ. ამბობენ, რომ დიდი ინტუიციით დაჯილდოებულმა ბანტინგმა ჯანმრთელი ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებიდან გამოყოფილი ექსტრაქტი დიაბეტით დაავადებულ ძაღლს შეუყვანა. შედეგი სასწაულებრივი აღმოჩნდა: რამდენიმე საათის შემდეგ დიაბეტით დაავადებული ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. ქირურგმა და მისმა სტუდენტმა მთელი ძალისხმევა ისეთი ცხოველის საძებნელად მიმართეს, რომლის ინსულინიც ადამიანის ინსულინს ჰგავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხის ჩანასახის ინსულინი ძალზე ახლოს იდგა ადამიანის ინსულინთან, ექსპერიმენტის უსაფრთხოებისთვის გაასუფთავეს ის და 1922 წლის იანვარში პირველი კლინიკური გამოცდა ჩაატარეს. ბანტინგმა ინსულინი 14 წლის მოზარდს შეუყვანა, რომელიც დიაბეტისგან კვდებოდა და ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. მათმა აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რადგან ინსულინის გარეშე დიაგნოზი „შაქრიანი დიაბეტი“ სიცოცხლის იმედს არ უტოვებდა ადამიანს. 1923 წელს ბანტინგს და მასთან ერთად, მისი კათედრის ხელმძღვანელ მაკლეოდს მიენიჭათ ნობელის პრემია. ბესტის დამსახურება იგნორირებული იყო. ამან  ძალიან აღაშფოთა ბანტინგი და  მან ნებაყოფლობით გაუყო თავისი პრემიის ნახევარი ბესტს.

 

2014-2016 წლებისთვის დიაბეტის მსოფლიო დღის თემატიკას წარმოადგენს

ჯანსაღი ცხოვრება და დიაბეტი

კამპანიის მთავარი გზავნილებია:

შეიცვალეთ ცხოვრების წესი დღესვე

ჯანსაღი კვება ყველა ტიპის დიაბეტის მართვის შემადგენელი ნაწილია

 

2016 წლის ძირითადი თემაა: დიაბეტი და თვალი

 

2016  წლის ძირითადი აქტივობებია:

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის  ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით სკრინინგის ჩატარების მხარდაჭერა და სერიოზული გართულებების რისკის შემცირება;

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სკრინინგი მნიშვნელოვანია დიაბეტის გართულებების რისკის შემცირებისა და ქმედებების შეცვლისთვის;

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის  მონაცემებით მსოფლიოში 2015 წლისათვის 415 მილიონზე მეტი ადამიანი იყო  დაავადებული დიაბეტით; შესაბამისი ინტერვენციების გარეშე, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2040 წლისათვის მიაღწევს 642 მილიონ ადამიანს. მოზრდილი მოსახლეობის  ორიდან ერთ ადამიანში  შაქრიანი დიაბეტი არადიაგნოსტირებულია; უამრავი ადამიანი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით  ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობს ისე, რომ არ იცის ამ მდგომარეობის შესახებ. დიაგნოზის დადგენის მომენტში დიაბეტის გართულებები უკვე შეიძლება არსებობდნენ.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის 70% -ის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით.

არაჯანსაღი კვებისა და ფიზიკური არააქტიურობის გაზრდა ბევრ ქვეყანაში იწვევს ბავშვთა ასაკში დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებას, რაც შემდგომში შეიძლება გახდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა. 

დიაბეტით დაავადებულებელზე ყოველწლიურად იხარჯება ჯანდაცვის დანახარჯების 12%. დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობის 80% აღინიშნება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, რაც ხელს უშლის ქვეყნის მდგრად განვითარებას. მაგ. 2040 წლისათვის  აფრიკის ქვეყნებში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი გაორმაგდება.

დიაბეტის გართულებების სკრინინგი არის ყველა ტიპის დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილი. შაქრიანი დიაბეტის ორიდან 1 შემთხვევა არადიაგნოსტირებულია, რაც განაპირობებს გართულებების ზრდას, რის შედეგად მნიშვნელოვნად მატულობს ინვალიდობა და ნაადრევი სიკვდილი. სავარაუდოდ, 2040 წლისათვის 640 მილიონი ადამიანი იქნება დაავადებული შაქრიანი დიაბეტით. არადიაგნოსტირებული დიაბეტი ნიშნავს, რომ მრავალ ადამიანს ტიპი 2 დიაბეტის  დიაგნოზის დასმის მომენტისათვის უკვე ექნება ესა თუ ის გართულება. ბევრ ქვეყანაში დიაბეტის არის სიბრმავის, თირკმლის უკმარისობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ქვემო კიდურების ამპუტაციის ძირითადი მიზეზი.

2015 წელს მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით  დაავადებული 415 მილიონის ადამიანიდან ერთ მესამედზე მეტს შეიძლება განუვითარდეს დიაბეტური რეტინოპათია-დიაბეტის გართულება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება და სიბრმავე. დიაბეტით დაავადებულ 93 მილიონზე მეტ ადამიანს ანუ 1 მესამედს აქვს დიაბეტური რეტინოპათია. დიაბეტისა და მისი გართულებების მკურნალობა უნდა დაიწყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლიდან და უნდა შეიცავდეს დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგს. დიაბეტური რეტინოპათიის ადრეულმა გამოვლენამ და დროულმა მკურნალობამ შეიძლება მოახდინოს მხედველობის დაკარგვის პრევენცია და შეამციროს დიაბეტის ნეგატიური ზეგავლენა დიაბეტით დაავადებული ადამიანების ახლობლებსა  და ზოგადად საზოგადოებაზე. დიაბეტური რეტინოპათიის გულდასმით მკურნალობა და სკრინინგი განაპირობებს მხედველობისა დაქვეითებისა და სიბრმავის შემცირებას. 2015 წლისათვის დიაბეტსა და მის გართულებებზე გაწეული დანახარჯი შედგენდა 673 მილიარდ  აშშ დოლარს.

წელს განსაკუთრებით აღნიშნავენ  დიაბეტის საერთაშორისო დღეს, ვინაიდან 2016 წელს ჯანმრთელობისმსოფლიოდღის მთავარიგზავნილი შაქრიან დიაბეტთან ბრძოლა იყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წლის 7 აპრილს ყურადღება გაამახვილა  დიაბეტზე, რადგან:

  • დიაბეტის ეპიდემია სწრაფად მატულობს ბევრ ქვეყანაში, დოკუმენტალურად დადასტურებული დრამატული მატება აღინიშნება მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
  • დიაბეტის უმეტესი შემთხვევათა განკურნებადია. ცხოვრების წესის უბრალო ცვლილებებმაც კი აჩვენა, რომ ისინი ეფექტურია დიაბეტი ტიპი 2-ის  პრევენციისა და დაავადების  გვიან დაწყებისათვის. სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი საკვების მიღება ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს.
  • დიაბეტი განკურნებადია; დიაბეტის კონტროლირებადია და გართულებების პრევენცია შესაძლებელია. დიაგნოსტირების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თავის მოვლის სწავლება და მკურნალობის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს პრობლემის აუცილებელ  კომპონენტებს.

დიაბეტის პრევენციისა და მკურნალობის მუდმივი განვითარების ძალისხმევა მნიშვნელოვანი გახდება  გლობალური მე - 3 მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ერთი მესამედით შემცირდეს არაგადამდები დაავადებების (NCDs) მიერ ნაადრევი სიკვდილიანობა. საზოგადოების მრავალ სექტორს - მთავრობას, დამსაქმებლებს, მასწავლებლებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, მედიას და თვითონ ადამიანებს - მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.

2016 წლის მსოფლიო ჯანმრთელობის დღის მიზანია გაფართოვდეს პრევენციული მიდგომები და კვლევები,გაძლიერდეს მეთვალყურეობა.