2016 წლის 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა

დღის ძირითადი გზავნილია:

მოვახდინოთ ფინანსური რესურსების მობილიზება და ბოლო მოვუღოთ ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობას! “

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ინიცირებული ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია, იწყება 25 ნოემბერს და გრძელდება 10 დეკემბრამდე - ადამიანის უფლებების დაცვის დღემდე. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.[1]

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 2016 წლის კამპანია მიმართულია ფინანსური რესურსების მობილიზაციაზე. მსოფლიო გამოცდილებამ გამოავლინა, რომ ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციაში ფინანსური დეფიციტია და დამაბრკოლებელი რგოლია 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩოში დათქმული სამიზნე ნიშნულების მისაღწევაში.

საერთაშორისო კამპანიას საფუძველი 1991 წელს ქალთა ლიდერობის პირველმა გლობალურმა ინსტიტუტმა ჩაუყარა, რომელსაც კოორდინაციას ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრი უწევდა. 1999 წლის 17 დეკემბერს კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ცხოვრების განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცხყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი.[2]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის თაობაზე შემაძრწუნებელ სტატისტიკას ავრცელებს. მსოფლიოიში  სამი ქალიდან ერთი სიცოცხლის განმავლობაში  ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის. ეს მსოფლიო მასშტაბის პანდემიაა, რომლის შეჩერება და  პრევენცია შესაძლებელია. თუმცა  დაავადებებისგან განსხვავებით არ არსებობს სამკურნალო მედიკამენტი და ვაქცინა. ვებრძვით არა დაავადების მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორებსა და ვირუსს, არამედ ძალადობის ჩამდენ დამნაშავეს ან საზოგადოებას.[3]

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა. მას არა აქვს კულტურული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ ეროვნული საზღვრები და ყველაზე ხშირად ჩაკეტილი სოციალური წყობისთვისაა დამახასიათებელი. ამ პრობლემას აქვს უაღრესად სერიოზული შედეგები არა მარტო ძალადობის მსხვერპლი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე.

საქართველო ტრადიციულ საზოგადოებად ხასიათდება, სადაც მყარადაა გამჯდარი ოჯახის, როგორც წმინდა, საიდუმლო ადგილის, აღქმა.

უკანასკნელ წლებში ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობისადმი უფრო გახსნილი და შეუწყნარებელი გახდა, თუმცა  ამ პრობლემის სიმწვავე არ განელებულა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის 2 114 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 1 845 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო. წინა წელთან შედარებით ოჯახში ძალადობის ჯამური მაჩვენებელი 1 285 ერთეულით, აქედან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები 1 103 ერთეულით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ სამ კვარტალში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი – 706 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც ძალადობის ფაქტს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. ძალადობის სხვა შემთხვევები კი საბოლოო სტატისტიკაში ვერ ხვდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სტატისტიკის ზრდა უწყებაში მიმართვიანობის ზრდით არის განპირობებული, რაც შს სამინისტროს მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის შედეგია. სამართალდამცავები ადეკვატურად რეაგირებენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, შესაბამისად მათ მიმართ ნდობის ხარისხიც გაზრდილია.

ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობითა და პროფესიული მოვალეობების სათანადოდ შესრულებით თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა წვლილი შევიტანოთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის საქმეში. 



[1] http://www.unwomen.org/en/news/in-focus/end-violence-against-women

[3] http://www.unwomen.org/en/news/in-focus/end-violence-against-women