12 დეკემბერი - საყოველთაო ჯანდაცვის (Universal Health Coverage) საერთაშორისო დღე

საყოველთაო ჯანდაცვის (Universal Health Coverage) საერთაშორისო დღე 2012 წლიდან აღინიშნება, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო ისტორიული და შეთანხმებული გადაწყვეტილება უნივერსალური ჯანდაცვის დამტკიცების შესახებ.

უნივერსალური ჯანდაცვა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) უმნიშვნელოვანესი საკითხია და გამოხატულია მე-3 მიზანში: ჯანმრთელი ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევა ყველა ასაკის ადამიანისათვის.

მდგრადი განვითარების მიზნებში უნივერსალური ჯანდაცვის ჩართვა ძლიერი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია. უნივერსალური ჯანდაცვა მსოფლიო ბანკის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, G7 ქვეყნების და მრავალი ქვეყნის მთავრობების, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ, აღიარებულია როგორც ფუნდამენტური მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად.

საყოველთაო ჯანდაცვის საერთაშორისო დღე წელს ეძღვნება თემას „ჯანმრთელობა ყველასათვის“ და მოუწოდებს „ვიმოქმედოთ ამბიციურად“. ასეულობით პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის ისეთი გლობალური ორგანიზაციები, როგორიცაა როკფელერის ფონდი, ჯანმო, მსოფლიო ბანკის ჯგუფი და სხვა, თანხმდება, რომ მდგრადი განვითარების მისაღწევად ჯანმრთელობა აუცილებელია და სწორედ საყოველთაო ჯანდაცვა წარმოადგენს საუკეთესო გზას „ჯანმრთელობას ყველასათვის“ მისაღწევად. საყოველთაო ჯანდაცვის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია დონორების კოორდინაცია. ჯიმ კიმი (მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი) და მარგარეტ ჩანი (ჯანმოს ხელმძღვანელი) მუდმივად მოუწოდებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მიიღწევა მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით - ჯანმრთელობის სერვისები უფასო უნდა იყოს მოსახლეობისთვის, სხვა შემთხვევაში ზარალდებიან ღარიბები.

მიმდინარე კვირას ჟენევაში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება უნივერსალური ჯანდაცვის მიზნის მიღწევის ადვოკატირებისათვის. სექტემბერში მარგარეტ ჩანმა განაცხადა უნივერსალური ჯანდაცვის საერთაშორისო პარტნიორობის UHC 2030 შექმნის შესახებ. ამ ახალი პარტნიორობის ძირითადი მიზანია ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების ძალისხმევებისა და უნივერსალური ჯანდაცვის მიწოდების, მათ შორის ფინანსური რისკის დაცვის კოორდინაცია. 12-13 დეკემბერს UHC 2030 ქვეყნებსა და სააგენტოებს მოუყრის თავს პარტნიორობის, როგორც ჯანდაცვის სისტემის გლობალური კოორდინაციის პლატფორმის, ჩამოსაყალიბებლად. 2017 წელი უნივერსალური ჯანდაცვის ქვაკუთხედი უნდა გახდეს - სიტყვები საქმედ უნდა გადაიქცეს.

საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს 2013 წლის 28 თებერვლიდან, რამაც უზრუნველყო მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი ზრდა სამედიცინო მომსახურეობისადმი და სერიოზული შეღავათი მისცა ასიათასობით ადამიანს.