საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული, 22-28 იანვარი, 2017

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ევროპის მასშტაბური ინიციატივაა, რომელსაც უძღვება ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაცია (ECCA).

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამები თავიდან აცილებს საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის 80%-ს. გარდა ამისა, ადამიანის პაპილომა ვირუსის (Human papilloma virus - HPV) წინააღმდეგ ვაქცინაცია ძალიან ეფექტურია მოზარდებში გამოყენებისას და შეუძლია კიდევ უფრო შეამციროს საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება.

მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა, რატომ არის ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მაღალი?

არსებობს ორი ძირითადი მიზეზი:

1. ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPV ვაქცინაციის ეფექტური პროგრამები და ქალებს ამ ქვეყნებში უბრალოდ არ მიუწვდებათ ხელი ამ პროგრამებზე,

2. იქაც კი, სადაც ეს პროგრამები არსებობს, ბევრი ქალი არ არის ინფორმირებული მათ მნიშვნელობაზე და ამიტომ არ იყენებენ მათ.

საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში ქალთა შორის მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა ძუძუს, ფილტვის და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. კიბოს რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე (17.6) აღემატება ევროპის რეგიონის საშუალო შეფასებით მაჩვენებლებს.

ისევე როგორც ღვიძლის კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალური ავადობის უდიდესი ტვირთი (დაახლოებით 85%) მსოფლიოს დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ვლინდება, სადაც მასზე ქალთა ონკოლოგიური დაავადებების 12% მოდის. საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ყოველი ათი შემთხვევიდან თითქმის ცხრა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვლინდება. დიდი გეოგრაფიული ვარიაცია ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობის მიხედვით, რაც მის სკრინინგს უკავშირდება. დასავლეთის ქვეყნებში, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს  სკრინინგი დაინერგა, შემთხვევების რაოდენობა თითქმის 65%-ით შემცირდა ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე. მაგალითად, ნორვეგიაში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა შემცირდა 6,3-დან 1,5-მდე 100000 მოსახლეზე (1970-2011 წლებში). კოჰორტული კვლევის შედეგები უჩვენებენ, რომ ბევრ ქვეყანაში დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი, რადგან შემცირებულია შემთხვევითი სქესობრივი კავშირები.  

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საკითხის პოპულარიზაციისა და  საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები სამ სამიზნე აუდიტორიაში:

1. ფართო საზოგადოება: ხალხს კარგად უნდა ესმოდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPV ვაქცინაციის სარგებლის შესახებ რათა ამ სერვისების მოხმარების მოტივაცია გაუჩნდეთ, სადაც ის ხელმისაწვდომია;

2. ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლები: ექიმებს, ექთნებს და ჯანდაცვის სხვა პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი და უახლესი ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და HPV ვაქცინაციის შესახებ, რათა მათ შეძლონ თავიანთი პაციენტების კითხვებს უპასუხონ და მოუწოდონ ამ სერვისების გამოყენება;

3. პოლიტიკოსები: პოლიტიკური ლიდერები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის და ვაქცინაციის სარგებლის შესახებ, რათა მათ გაიგონ ამ პროგრამების პრიორიტეტულობა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულის მიზანი ერთია, რაც შეიძლება მეტი ქალბატონი იყოს ინფორმირებული ამ დაავადებისა და მისი პრევენციის გზების შესახებ. ამაში მონაწილეობა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია:

  • გამოვფინოთ სკოლებში, კოლეჯებში, ბიბლიოთეკებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ბუკლეტები, სადაც იქნება ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ.

ერთობლივი ძალებით - ცნობიერების ამაღლებით - ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ათასობოთ ქალბატონის სიცოცხლე! 

 

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სახეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა