ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირებაზე იმსჯელეს

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელზეც ამ წუთებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. სხდომაზე დამსწრეთ, კომიტეტის მიერ ორგანიზებული გამოფენაც დაათვალიერეს.

„გამოფენა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვან საკითხზე ვართ შეკრებილები და რაოდენ მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელსაც, დიდი იმედია, მივიღებთ. ასევე, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი მხარს დაუჭერს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულყოფას და მის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მხარდაჭერა დაადასტურა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიან ივანუშამ.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების წინაისტორიაზე ისაუბრა კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის წვერმა გუგული მაღრაძემ. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ მერვე მოწვევის პარლამენტში მომზადდა და მისი ინიცირებაც მოხდა.

„მიხარია, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი დაფიქსირდება ისტორიაში, როგორც პარლამენტი, რომელიც მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან შესწორებებს კანონში“,- განაცხადა დეპუტატმა.

კანონპროექტის წარდგენამდე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკასა და ადგილობრივ გამოწვევებზე“ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ კომიტეტს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „დღევანდელი დღე შეიძლება იყოს რადიკალური შემობრუნების დღე ამ მნიშვნელოვანი საკითხის რადიკალურად დაძვრისთვის“. დაავადებათა კონოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საერთაშორისო პრაქტიკაზე და თამბაქოს კონტროლის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და გამოწვევა ყველა ქვეყანაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დანერგვის გაძლიერებაა.

თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შესახებ საუბრისას, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არაგადამდები დაავადებებია, საიდანაც, წამყვანი - გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.

„საქართველოში ყოველწლიურად 49 ათასი ადამიანი იღუპება და აქედან 11 ათასი ადამიანი - თამბაქოს მოხმარების გამო (22%) . თუ მსოფლიოში, საშუალოდ, 11 % იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო, ჩვენთან ეს მონაცემი 22 %-ია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, თამბაქოს კონტროლის განხორციელების დაჩქარებისთვის შემდეგი სასწრაფო ნაბიჯებია გადასადგმელი:

  •  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის და სახელმწიფო პროგრამის დროული დამტკიცება კანონის აღსრულებისთვის ეფექტური მექანიზმების შექმნა
  •  მრავალსექტორული თანამშრომლობის გაძლიერება
  • საერთაშორისო ცოდნის გაზიარებისა და მხარდაჭერის გაძლიერება
  • სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება
  • თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმზე მიერთება
  • პოლიტიკის შემქმნელების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
  • ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზება.

საქართველოში ფილტვის კიბოს ეპიდემიოლოგიურ სურათზე ისაუბრა ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, რეზო გაგუამ. მისი განმარტებით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება ფილტვის კიბოა. ფილტვის კიბო ლიდერობს ონკოლოგიური დაავადებებიდან განვითარებად ქვეყნებში.

რეზო გაგუას ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 10 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება და ამ ონკოლოგიური დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზთა შორის სწორედ თამბაქოს მოწევაა. მისი განმარტებით, თამბაქო 4 ათასამდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა 60 %-ზე მეტი კარცენოგენულია.

„ამ ეტიოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს 30%-იანი განვითარება. ფილტვის კიბოს 90% კი გამოწვეულია თამბაქოს მოწევის მიზეზით“,- განაცხადა რეზო გაგუამ. მისივე თქმით, საქართველოში არსებული ტენდენციის მიხედვით, მამაკაცებში ფილტვის კიბოს სიხშირის მცირე, ხოლო ქალებში -ფილტვის კიბოს სიხშირის მკვეთრი მატება აღინიშნება. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის განმარტებით, ქალებში ფილტვის კიბოს სიხშირის ასეთი მკვეთრი მატება ქალებში მწეველობის, დაახლოებით, ოთხჯერ მომატებამ განაპირობა. კიბოს პრევენციისთვის კი რეზო გაგუამ საზოგადოებას მოწევისა და ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა, ჯანმრთელი კვება და ფიზიკური აქტივობა, სკრინინგის ჩატარება და ჯანსაღი წონის შემარჩუნება ურჩია.

თამბაქოს კონტროლის სიტუაციის ანალიზი საქართველოში „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლებმა და კანონპროექტის თანაავტორებმა - გიორგი ბახტურიძემ და კახა ღვინიანიძემ წარმოადგინეს. თამბაქოსთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას, გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, რომ საჯარო და სამასპინძლო შენობებში თამბაქის კვამლის მიკრონაწილაკების შემცველობა ერთ კუბამეტრ ჰაერზე დასაშვებ ზღვარს 40-ჯერ აღემატება. მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კაფე-ბარებში.

 

 

იხილეთ ფოტოალბომი